„ხაჭაპურის ინდექსის დინამიკა ძალიან ჰგავდა წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკას“ – დავით კეშელავა

„ხაჭაპურის ინდექსის დინამიკა ძალიან ჰგავდა წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკას. კარგად დავინახეთ რომ წლის განმავლობაში ინგრედიენტებზე ფასები ძალიან მაღალი იყო, წინა პერიოდთან შედარებით. თუმცა, წლის ბოლოს, ისევე როგორც ინფლაციის მაჩვენებლის შემთხვევაში, ფასებმა დეკემბერში წლიურ ჭრილში კლება დაიწყო და მნიშვნელოვნად იყო შემცირებული“, – ამის შესახებ ISET-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით კეშელავამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ წლის პირველ ნახევარში ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს.
„დიდია იმის ალბათობა, რომ ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. სავარაუდოდ, წლის დასაწყისში შენარჩუნდება მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო დაბალ დონეზე, მაგრამ წლის მეორე ნახევარში, ალბათ, ცოტათი გადააჭარბებს მას“, – განაცხადა დავით კეშელავა.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ის არ მოელის რომ აღნიშნული პოლიტიკური ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
„პირადად მე ნაკლებად ველოდები რომ 2024 წელს კანდიდატის სტატუსის მიღების გამო მნიშვნელოვნად შეიცვლება როგორც ეკონომიკის კონიუნქტურა, ასევე ზრდის მაჩვენებელი. პროგნოზი დაახლოებით იგივე რჩება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად დაბალი უნდა იყოს, ვიდრე 2023 წელს იყო.
ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ ეს ზრდა არ იყო ეკონომიკური რეფორმებითა და ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული, არამედ ეფუძნებოდა საგარეო ფაქტორებს. ეს ფაქტორები უკვე იწურება, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ზრდის მაჩვენებელი იქნება გაცილებით უფრო დაბალი. ამას აჩვენებს ISET-ისა და ეროვნული ბანკის საპროგნოზო მოდელები“, – აღნიშნა დავით კეშელავამ.
მისი ვარაუდით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი რისკი შესაძლოა მიგრანტების დიდი რაოდენობით ქვეყნიდან გადინება და ექსპორტის შემცირების ტენდენციის გაგრძელება იყოს.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი იქნება ის, რომ მიგრანტები დიდი რაოდენობით გავიდნენ ქვეყნიდან. როგორც ვაკვირდებით, გადინების მაჩვენებელი არის, თუმცა ამას არ ექნება შოკური გავლენა. მეორე რისკი არის რეგიონში ეკონომიკური ზრდის შენელება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ნეგატიური გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე.
უკვე წლის ბოლოს შეიმჩნეოდა ადგილობრივი ექსპორტის შემცირება და თუ ეს ტრენდი გაგრძელდება 2024 წელსაც, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე ლარის სიმყარის კუთხით“, – განაცხადა დავით კეშელავამ.