ხაშურის მუნიციპალიტეტში 60-მილიონიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით დაიწყო, გაჩერდა – პროექტის დროებით შეჩერების მიზეზი თანამშრომლების გაფიცვა გახდა.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანები უკვე ორი თვეა ითხოვენ, რომ თურქული კომპანია “იდას” ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ დავალიანება სრულად დაფაროს და მუშებს ხელფასი გადაუხადოს.
გაფიცულ თანამშრომლებს შორის ტექნიკური პერსონალი და სპეცტექნიკის მძღოლებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ კომპანია მუშების მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებს.
მძღოლები, ოპერატორები, ყველანი გაფიცულები ვართ, იმიტომ, რომ დაგვღალეს უკვე ტყუილებით, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. ხალხი გაჭირვებული ვართ, ოჯახები გვაქვს, ზოგს სტუდენტი გვყავს, ზოგს ბანკებში აქვს პრობლემები. სესხებს კიდევ ვეღარ ვიღებთ ამათი დაუდევრობით, გაგვაშავეს, ორი თვეა კაპიკი არ დაურიცხავთ. დღეს ჩარიცხეს აგვისტოს თვის ნახევრები, რომ ვითომ გავჩუმებულიყავით, მაგრამ გადავიღალეთ ჩვენც, ბოლო-ბოლო, საზღვარია აქვს ყველაფერს. გავიფიცეთ და ვითხოვთ, რომ მთლიანად დაგვირიცხონ, – ამბობს გაფიცული.
რაც შეეხებათ თურქული კომპანიის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანებისთვის დავალიანების 50% უკვე დაფარული აქვთ და დანარჩენ დავალიანებას მომდევნო კვირის განმავლობაში აანაზღაურებენ.
არის გარკვეული ტიპის ფინანსური პრობლემები, მაგრამ ხელმღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა. 50% უკვე ყველას გასტუმრებული აქვს და იდება პირობა, რომ შემდეგ კვირაში მთლიანად გასწორდება ორი თვის ხელფასები, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
