ხაშურის საკრებულომ ჩუმათელეთში “პარკ ჰოტელის” სასტუმროსთვის ნაკვეთების განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სურამში შპს „პარკ ჰოტელის“ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსისთვის განკუთვნილი ნაკვეთების განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. საუბარია 72 844.00 კვ.მ და 24 380.00 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე, სადაც საბჭოთა პერიოდში სანატორიუმი მდებარეობდა. როგორც საპროექტო გეგმაში წერია, კომპლექსი მრავალფუნქციური სასტუმროს, აპარტ-ოტელებისა და კოტეჯების მშენებლობას მოიცავს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით, „პარკ ჰოტელმა“, რომელიც ბორჯომსა და წყალტუბოში სასტუმროებს ფლობს, დაბა სურამში, კონკრეტულად ჩუმათელეთში არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი 2027 წლის თებერვლამდე უნდა ააშენოს, რისთვისაც არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ კომპანიას ვალდებულების დრო სწორედ მარტის განკარგულებით გაუხანგრძლივა, ვინაიდან თავდაპირველი პირობით, კომპანია ვალდებული იყო ამ ტერიტორიაზე სასტუმრო 2024 წლის 23 თებერვლამდე აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა. მაშინ ვადის გახანგრძლივების მიზეზად bm.ge-ს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, რომ „კომპანიის დასაბუთებული მოთხოვნის, კერძოდ განაშენიანების გეგმის პროექტის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურების გახანგრძლივების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის N2368 და 2025 წლის 31 მარტის N580 განკარგულებების შესაბამისად, პირობის შესრულების ვადა ორჯერ გაიზარდა, კერძოდ, შესრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2025 წლის 22 აგვისტო, ხოლო შემდგომში – არაუგვიანეს 2027 წლის 22 თებერვალი“.
კომპანია „პარკ ჰოტელი“ 2014 წელს არის დაფუძნებული და ის ბორჯომში სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი რიზორთ & სპას“ მართავს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მარიკა უგრეხელიძეა.
„პარკ ჰოტელი“ ასევე შპს „წყალტუბო პლაზას“ 100%-იან წილს ფლობს, რომელიც 2013 წელს არის დაფუძნებული და იმერეთში სასტუმრო „წყალტუბო პლაზას“ მართავს.