„დაამტვრიეთ ხაფანგი მანამ, სანამ მასში ჩაცვივდებით“, – მიმართავს ქართველ ჟურნალისტებს გალინა ტიმჩენკო, გამოცემა „მედუზას“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ყოფილი მთავარი რედაქტორი. „მედუზა“ პირველი გამოცემა იყო, რომელიც რუსეთში ჯერ უცხოეთის აგენტად, მოგვიანებით კი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს. დისკრიმინაციის კამპანია, გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ მთავრობის განცხადებები და ხალხის მტრად შერაცხვის მცდელობები მისთვის ნაცნობია. ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამგვარი შემზღუდავი რეგულაციები მახეა, რომელიც თავიდანვე უნდა განადგურდეს, რადგან ის კიდევ მეტ ფარულ მახეს მალავს. ტიმჩენკო, რომელიც სარედაქციო გუნდის ნაწილთან ერთად რიგაში ცხოვრობს, ქართველ ჟურნალისტებს გამოცდილებას უზიარებს.
– გალინა, მადლობა სტუმრობისთვის. „მედუზა“ პირველი მედია იყო, რომელიც რუსეთში „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადეს. გვიამბეთ მისი შექმნის ისტორია და გზა ახალგაზრდებში პოპულარული რუსული გამოცემიდან „აგენტის“ იარლიყამდე და შემდეგ უკვე „არასასურველ ორგანიზაციობამდე“
– „მედუზა“ 2014 წელს დაფუძნდა, რუსეთის საზღვრებს გარეთ, რიგაში. მანამდე მე წამყვანი რუსული ინტერნერნეტ-მედიის „ლენტა.რუს“ რედაქტორი ვიყავი. ყირიმის ანექსიამდე ცოტა ხნით ადრე, სამსახურიდან პირდაპირ კრემლიდან მოსული ბრძანების საფუძველზე, „ლენტას“ მფლობელმა რუსმა ოლიგარქმა, ალექსანდერ მამუტმა გამათავისუფლა ერთ წუთში მას შემდეგ, რაც უკრაინელ აქტივისტებთან და პოლიტიკოსებთან ინტერვიუ ჩავწერე.
გთხოვთ, დაამტვრიეთ ეს ხაფანგი სულ თავიდანვე, ამ წუთასვე. გთხოვთ, არ მიჰყვეთ ამ წესებს, რადგან ეს ხაფანგია, მის შიგნით კიდევ ერთი ხაფანგი, იმის შიგნითაც, იმის შიგნითაც, ბოლოს კი – კედელი.
მაშინ თითქმის ყველა ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წამოვიდა. „ლენტა.რუ“ ზომბ მედიად იქცა, მხოლოდ იგივე ლოგო დარჩა გარედან, შიგნით კი -მკვდარია. ჩემი გუნდის ნაწილი რიგაში გამომყვა და იქ „მედუზა“ დავაფუძნეთ. ეს 10 წლის წინ იყო. მალევე ძალიან პოპულარულ მედიად ვიქეცით ახალგაზრდებისთვის. რუსულენოვან მედიას შორის ყველაზე ახალგაზრდა აუდიტორია გვყავდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დამემტკიცებინა, რომ ხარისხიანი ჟურნალისტური საქმიანობა შესაძლებელი იყო მოსკოვის მიღმაც. მძულს მოსკოვზე ცენტრალიზებული, ფოკუსირებული ჟურნალისტიკა. მალევე ძალიან პოპულარულები გავხდით. 2021 წელს კი „უცხოეთის აგენტებად“ გამოგვაცხადეს.
ჩვენ პირველი დამოუკიდებელი მედია ვიყავით, ვინც „უცხოეთის აგენტად“ შერაცხეს. არ ვიცი, როგორი კონკრეტული ფორმულირება აქვს ახლა ქართულ კანონს, მაგრამ რუსეთში თუკი უცხოეთის აგენტად ხარ გამოცხადებული, ეს ნიშნავს, რომ „შენ მუშაობ მტრულად განწყობილი ქვეყნის კონტროლის ქვეშ და მისი ინტერესის შესაბამისად“. ამიტომ ამ სიტუაციაში „მედუზა“ სახელმწიფოს მტრად გამოცხადდა.
დიახ, ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი აუდიტორია, მაგრამ [საბოლოოდ] დავკარგეთ რეკლამის ყველა დამკვეთი, ვისგანაც შემოსავალს ვიღებდით. რეკლამის დამკვეთების 90%-მა დაგვტოვა, რადგან არავის სურდა კრემლთან პრობლემების ქონა. არავის სურს რეკლამის განთავსება სახელმწიფოს მტერთან.
დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა გვექნა. მე და „მედუზას“ თანადამფუძნებელი ვეკითხებოდით გუნდის წევრებს რა გვექნა, ხომ არ იყო ეს დასასრული. თუმცა მათ შეგვახსენეს, რომ ჩვენ მედია-მენეჯერები ვიყავით და გამოსავალი უნდა მოგვენახა.
ამ დროს ჩვენს აუდიტორიას მივმართეთ, ვუთხარით, რომ მათ გარდა არავინ და არაფერი დაგვრჩენოდა. ვთხოვეთ: დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ „მედუზა“. დავიწყეთ საჯარო დაფინანსების კამპანია. 200 000-მდე მხარდამჭერი გამოგვიჩნდა, რომელმაც ჩვენი გადარჩენა შეძლო.
ეს სასწაულს ჰგავდა, ეს ყველაზე წარმატებული საჯარო დაფინანსების კამპანია იყო რუსულენოვან მედიაში. ჩვენ მთელი სარეკლამო შემოსავალი ამ თანხით ჩავანაცვლეთ და ძალიან ბედნიერები ვიყავით.
თუმცა შემდეგ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, „მედუზა“ დაიბლოკა და „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენთან ნებისმიერი პირდაპირი კავშირი დანაშაულია. ჩვენ ვართ „უცხოეთის აგენტები“, „არასასურველები“ და ალბათ უახლოეს მომავალში „ექსტრემისტულ ორგანიზაციადაც“ გამოვცხადდებოდით.
– საქართველოს მთავრობა ახლახან მიღებულ კანონს ხშირად ამერიკულ კანონმდებლობას ადარებს, საუბრობს დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, იმაზე, რომ ეს ევროპული ღირებულებაა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობოები სახელმწიფოს გადატრიალებას ცდილობენ. გესმოდათ თუ არა მსგავსი ნარატივები თქვენს „აგენტებად“ გამოცხადებამდე და როგორ უმკლავდებოდით მათ? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი კოლეგების ნაწილი არ იყო სოლიდარული, ნაწილი კი თავად ავრცელებდა დეზინფორმაციას, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი?
– ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია. რუსეთის მთავრობა სამი წლის წინ ზუსტად იმავეს ამბობდა. რომ ეს რეგისტრაცია მხოლოდ გავლენის გამჭვირვალობისთვის იყო და ა.შ. ახლა კი თითქმის ყველა დამოუკიდებელ მედია-საშუალებას „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი აქვს [მიწებებული].
როცა ეს ყველაფერი იწყებოდა, ჩემს რამდენიმე ძალიან ცნობილ რუს კოლეგას დავურეკე ცნობილი მედიასაშუალებებიდან და ვუთხარი, რომ ეს არ იყო საფრთხე მხოლოდ ჩემთვის, რომ ყველა მათგანის დრო დადგებოდა, და ეს ყველა ჩვენგანისთვის საფრთხე იყო… სამწუხაროდ, 2021 წელს სოლიდარობა არ ყოფილა.
გვეუბნებოდნენ, რომ ამაში ჩართვა არ სურდათ, არც რაიმე საერთო მოწოდებაში მონაწილეობა. ყველას ეშინოდა, ყველა თავის თავზე ღელავდა. ახლა კი თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედია „უცხოეთის აგენტადაა“ გამოცხადებული, დაბლოკილი ან გაძევებულია.
ვფიქრობ ყველაზე დიდი შეცდომა ქართული მედიისგან ის იქნებოდა, თუკი ერთმანეთს მხარს არ დაუჭერენ და სოლიდარულები არ იქნებიან. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები.
– როდესაც საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი მიიღო, ქართულმა მედია-საშუალებებმა, რომელთაც რეგულაციები შეეხებათ, განაცხადეს, რომ არ აპირებენ „აგენტების“ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ამან თქვენი ერთ-ერთი საჯარო გამოსვლა გამახსენა, სადაც ამბობდით, რომ წლების წინ ფიქრობდით, რომ ამასთან გამკლავება შეგეძლოთ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. შეგიძლიათ თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, რისთვის ემზადებოდით და როგორ დამძიმდა ეტაპობრივად ვითარება? მაშინ, როდესაც თავდაპირველად ის არ გეჩვენებოდათ ამდენად საშიშად, რამდენად შორს წავიდა ეს შემზღუდავი კანონმდებლობა?
– მე გამომცემელი ვარ, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ჩვენი აუდიტორია და ჩვენი ფინანსები. აუდიტორიამ რა თქმა უნდა კლება დაიწყო. მათ ნაწილს უბრალოდ ეშინია საქმე იქონიოს უცხო ქვეყნის აგენტებთან.
ვფიქრობ ყველაზე დიდი შეცდომა ქართული მედიისგან ის იქნებოდა, თუკი ერთმანეთს მხარს არ დაუჭერენ და სოლიდარულები არ იქნებიან. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები.
რაც შეეხება ფინანსებს, ჩვენ ჯერ რეკლამის დამკვეთები დავკარგეთ. შემდეგ პატარა კომპანიებმა დაიწყეს პროდუქციის წარმოება და ჩვენთან შემოსავლის გაზიარება, ჩვენი მხარდაჭერა. მაგრამ შემდეგ მთავრობამ „უცხოეთის აგენტებთან“ ნებისმიერი კომერციული ურთიერთობაც აკრძალა. შემდეგ აგენტების გარდა იმათი სიაც შექმნეს, ვინც „უცხოეთის აგენტებთან“ არის აფილირებული, ან ამ აგენტების გავლენის ქვეშაა. ასე რომ თითოეულ, ყველა ნაბიჯს შეუძლია გააუარესოს შენი სიტუაცია.
ჯერ აგენტს დაგიძახებენ, მერე კარგავ ფინანსებს, შემდეგ კარგავ შენს აუდიტორიას. შემდეგ გიკრძალავენ კომერციულ შეთანხმებებს. შემდეგ კი ისეთ აქტივობებსაც, როგორიც მაგალითად ლექტორობაა. იცით, რუსეთში უცხოეთის აგენტს აკრძალული აქვს საჯაროდ ლექციის ჩატარება.
შემდეგ იწყებენ შენი ოჯახის წევრების, მეგობრების, კოლეგების დევნას. შენს სამართლებრივ დევნას თუკი ყველა შენს მასალას არ ექნება სამარცხვინო იარლიყი. [რომელიც ამბობს, ეს მასალა უცხოეთის აგენტის მიერაა მომზადებული] ესაა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, შემდეგ ჯარიმები, შემდეგ სისხლის სამართლის საქმე და შემდეგ ციხე. ეს ნამდვილად ხაფანგების ლაბირინთია.
ვინ ვარ მე, რომ ქართველ კოლეგებს რამე ვურჩიო, მაგრამ გთხოვთ, ღვთის გულისათვის, ამ წესებს ნუ მიჰყვებით, ნუ დაემორჩილებით. გთხოვთ, გააპროტესტეთ. სხვაგვარად, თქვენ ჩვენს ბედს გაიზიარებთ.
– „მედუზა“ აგრძელებს ქვეყნის გარეთ არსებობას. თქვენ მიაგენით წარმატებულ სტრატეგიებსაც, იქნებოდა ეს მასალების სხვადასხვა პლატფორმაზე გადანაწილება, შემოსავლის ახალი წყაროების ძიება რუსეთის საზღვრებს გარეთ, ჭკვიანური ტექნოლოგიების გამოყენება მასალების ისეთნაირი გაზიარებით, რომელთა დაბლოკვასაც ვერ შეძლებენ. თქვენ ხომ იპოვეთ მუშობის გაგრძელების გზები?
– დიახ, ჩვენ ეს შევძელით, მაგრამ ვერ გეტყვით რამდენი დრო და ენერგია სჭირდება ამას. მე წარმატებული „სტარტაპერი“ ვარ, ინიციატორი. მე შემეძლო ახალი პროექტები დამეწყო, არსებულები განმევითარებინა. მაგრამ ამის ნაცვლად მთელი ჩემი რესურსი ჩემი გუნდის წევრების ამ აბსოლუტურად უაზრო წესებისგან დაცვაში მიდის.
– თქვენ ბევრს საუბრობთ დანაკარგებზე. დაკარგეთ შემოსავალი, დაკარგეთ პარტნიორები, თუმცა როგორ ისახება ეს საბოლოოდ თქვენი სამუშაოს მთავარ ნაწილზე – მასალებზე, რომელსაც ქმნით. კარგავთ თუ არა ჟურნალისტებს, რომლებმაც ეს მასალები უნდა შექმნან და ინფორმაციის წყაროებს, რომლებმაც ცნობები უნდა მოგაწოდონ, ითანამშრომლონ თქვენთან? როგორ გავლენას ახდენს ეს ჟურნალისტიკაზე?
– პირველი რამდენიმე თვე ჩვენ ჩვენი ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პროტოკოლის შექმნაზე დავხარჯეთ. შევიმუშავეთ უსაფრთხოების მექანიზმები, პროტოკოლი იმის, როგორ შეეგროვებინათ ინფორმაცია, როგორ მოპყრობოდნენ წყაროებს. ეს ძალიან რთული გზა იყო, ჩვენ გვყავს წყაროები. მაგრამ ყველა მათგანი ანონიმურია. [მართალია წესდებაში ვამბობდით, რომ არ გვსურდა ანონიმური წყაროების გამოყენება, მაგრამ რეალობა შეიცვალა].
როდესაც სარედაქციო გუნდში რაიმე თემა შეირჩევა, შემდეგ რედაქტორი ამ თემის მოსამზადებლად ჟურნალისტებს დავალებებს უნაწილებს. თითო ჟურნალისტს თითო დავალება აქვს. ინფორმაციას ადგილზე მოზაიკის პრინციპით ვაგროვებთ. რეალობა ისეთია, რომ როდესაც ერთი ჟურნალისტი კონკრეტულ თემაზე მუშაობს, მაგალითად ერთ რესპოდენტთან დარეკა, რაღაც ჰკითხა. შემდეგ კი რაღაც ადგილას მივიდა, იქ კი მას დასაპატიმრებლად ელოდებიან.
ადგილზე ინფორმაციას მოზაიკის პრინციპით ვაგროვებთ: როცა ერთი ჟურნალისტი კონკრეტულ თემაზე მუშაობს, ერთ რესპოდენტთან დარეკა, მეორე ადგილას მისულს დასაპატიმრებლად ელოდებიან. ამიტომ თითო ჟურნალისტს თითო დავალება აქვს.
ამიტომ, რისკის შესამცირებლად, ერთი თემის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციასაც რამდენიმე ჟურნალისტი აგროვებს. წარმოიდგინეთ რა დრო, ენერგია და ძალისხმევა სჭირდება მხოლოდ ერთი მასალის მომზადებას ქვეყნის შიგნიდან. ეს ძალიან რთული დროა.
რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, ჩვენი რესპოდენტების ნაწილიც თავადაც „უცხოეთის აგენტად“ იყო გამოცხადებული, ზოგი კი – არა. მაგრამ მუშაობისას შენ გამუდმებით დანაშაულის განცდა გაქვს. ექსპერტს ურეკავ და კომენტარს სთხოვ, და ამ დროს იცი, რომ ის შენთვის პასუხის გაცემით საკუთარ სიცოცხლესა და თავისუფლებას საფრთხეში აგდებს, რისკავს. ეს გამუდმებული დანაშაულის განცდაა, რომელსაც სრულებით და ყოველთვის გრძნობ. ეს ძალიან ძნელია.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ ამ კანონის მიღება და ამ გზით წასვლა მთავრობის მხრიდან არის „მატარებელი, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის“ და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. მაშინაც კი, როდესაც თქვენ აგენტად გამოგაცხადეს, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ არჩევნების წინ პოლიტიკური კონტროლის გამკაცრების მექანიზმი იყო და სულაც არ იქნებოდა პრაქტიკაში ისეთი მავნე, როგორსაც ახლა თქვენ აღწერთ. რას ეტყოდით ქართველებს, რომლებიც არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება ასევე ფიქრობდნენ. არის თქვენი აზრით გზა, რომელიც ასეთი ზიანისკენ არ მიდის, ან სცენარი, რომელშიც ეს პროცესი საპირისპირო მიმართულებით ვითარდება?
– არა, ვწუხვარ, მაგრამ არა. შესაძლოა ძალიან პირდაპირი ვარ. მაგრამ დღეს რომ მქონდეს შესაძლებლობა და 2021 წელში დავბრუნდე, სულ თავიდან, ვიტყოდი, რომ არ მინდა, რომ ამ წესებს მივყვე. არ მინდა ამ ყველაფრის კეთება, არ მინდა დამალობანას თამაში. მინდა, რომ დავამტვრიო ეს ხაფანგი. სულ თავიდანვე, სწორი ის იქნებოდა, რომ არ გვეთამაშა ეს თამაშები. უარი გვეთქვა ამაზე.
რადგან ადამიანები, რომლებმაც ეს თამაში – „უცხოეთის აგენტების“ შესახებ თუ სხვა მსგავსი თამაშები მოიგონეს, მატყუარები არიან, ეს კი – მახეა. გთხოვთ, დაამტვრიეთ ეს ხაფანგი სულ თავიდანვე, ამ წუთასვე. გთხოვთ, არ მიჰყვეთ ამ წესებს, რადგან ეს ხაფანგია, მის შიგნით კიდევ ერთი ხაფანგი, იმის შიგნითაც, იმის შიგნითაც, ბოლოს კი – კედელი.