სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, ხატია ჯინჯიხაძე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაში, სახელწოდებით „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“.
ჯინჯიხაძემ ილაპარაკა საქართველოში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” რეპრესიული კანონები მიიღო, ასევე, პროტეტესტზ და დემონსტრანტების დევნაზე და ევროპარლამენტს დახმარებისკენ მოუწოდა.
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან:
„ის მედიები, რომლებიც ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, არიან საუკეთესო ფარი ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ, რადგან მათ მიერ მოთხრობილი ისტორიები სიმართლეს ემსახურება. და ეს სიმართლე ძალიან ძლიერი იარაღია ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ყოვლისმომცველი პროპაგანდის წინააღმდეგ.
ძალიან გულწრფელად ვიტყვი, რომ ყველანი ვაფასებთ ყველა იმ ჯილდოსა და აღიარებას, რომელიც მზიამ საერთაშორისო დონეზე მიიღო. ერთი მათგანი რამდენიმე დღის წინ პრაღიდანაც მივიღეთ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჟურნალისტური საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის, ვინც მზიას აღიარებას ევროპულ გზაზე გასვლის დაუღალავი ძალისხმევის ჯილდოდ მიიჩნევს – გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ აირჩია.
თუმცა ეს გზა ადვილი არ არის. ჩვენ ამ გზაზე მარტო ვერ გადავრჩებით. მადლიერები ვართ ყველა გამოხმაურებისთვის, ყველა განცხადებისთვის, რეზოლუციისა და ანგარიშისთვის, რომელიც ადეკვატურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას, თუმცა რეაგირება მაინც ნელია. ჩვენ გვჭირდება თამამი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება ეფექტური, შესაძლოა არატრადიციული მექანიზმებიც კი, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში.
საქმე მხოლოდ ქართული მედიების ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერას არ ეხება. საქმე ასევე ეხება სამართლებრივ მექანიზმებს, რათა თუ ადგილობრივი ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდება, არსებობდეს საერთაშორისო ძალისხმევა – თანამშრომლობა, რომელსაც ექნება ბერკეტი „ქართული ოცნების“ მიერ წარმართულ პოლიტიკაზე.
და ბოლოს, მზიას არ აქვს დასავლური განათლება. ის საქართველოს შორეულ რეგიონში დაიბადა, მაგრამ დამიჯერეთ, მისი გაგება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ გაცილებით უკეთესია, ვიდრე იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც აკადემიური ხარისხი ევროპის დედაქალაქებში მიიღეს ან კარიერა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიკეთეს. მზია არის ის, ვინც ნამდვილად ევროპელია, ვინც ატარებს ევროპულ ღირებულებებს – ისევე როგორც ბევრი სხვა ქართველი, რომლებიც დღეს ქუჩაშია.
აქ მოსვლამდე ვფიქრობდი, რას ეტყოდა მზია ამ აუდიტორიას, აქ რომ ყოფილიყო? და ვფიქრობ, ბრძოლის გათვალისწინების შესახებ მისი ცნობილი ფრაზას გათვალისწინებით ალბათ გეტყოდათ, რომ საქართველო ბრძოლას აგრძელებს. დაგვეხმარეთ ბრძოლაში, სანამ გვიან არ არის”.