ხატია დეკანოიძე – ყველა უნდა მოვიდეს რუსთაველზე! – აქ უკვე კანონპროექტში აღარაა საქმე, საქმეა ეხება, რუსიფიკაციას გადავურჩებით თუ არა

„ქართული ოცნების“ ადგილზე, სხდომაზე არ შემოვიდოდი – არაფერი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, ესმის მხოლოდ ბევრი ხალხის, ყველა უნდა მოვიდეს რუსთაველზე! – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როგორც გუშინ, „როდესაც უმოწყალოდ არბევდნენ, მაგრამ ადამიანები არ იშლებოდნენ, ასეთი სულისკვეთება და მუხტი უნდა იყოს“.
„ყველას მინდა მოვუწოდო – დღესაც შეიკრიბონ, ყველა ის ადამიანი, ვინც გუშინაც იყო, ასევე, უამრავი ადამიანი მოდის რეგიონებიდან. „ქოცებს“ ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა ექნებათ ჩვენი მხრიდანაც. ასე ვერ მოხდება, რომ ასე ნარნარად დაამტკიცონ კანონპროექტი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ აქ კანონპროექტში აღარაა საქმე. აქ საქმეა იმაზე – რუსიფიკაციას გადავურჩებით, თუ არა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესების თაობაზე ოპოზიციონერები დღესაც შეხვდებიან საერთაშორისო პარტნიორებს.
„12 საათზე დაიწყება განხილვა. „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ რამდენიმე საათში ეს განხილვა დაასრულოს და კენჭი უყაროს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია დღესაც. დღესაც გვექნება შეხვედრა ბევრ საერთაშორისო პარტნიორთან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენს სხვადასხვა პარტნიორთან. მთავარი განსახილველი თემა იქნება ის შედეგები, რომელიც უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ 83 დეპუტატის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენს თანამოქალაქეებზე ძალადობენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ