ხატია დეკანოიძე – ქუთაისში მშობლებს ეშინიათ ბავშვების სკოლაში მიყვანა გაძვირებული საკანცელარიო ნივთების გამო, პენსიონერებს ეშინიათ ცუდად გახდომა, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნების“ მონოპოლია

ქუთაისში მშობლებს ეშინიათ ბავშვების სკოლაში მიყვანა გაძვირებული საკანცელარიო ნივთების გამო, პენსიონერებს ეშინიათ ცუდად გახდომა, რადგან არ აქვთ წამლის ფული გაძვირებული ცხოვრების გამო, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნების“ მონოპოლია, რომელიც მხოლოდ მათი ჯიბეებისთვის მუშაობს და არა ხალხისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქუთაისი იყო, არის და იქნება გამარჯვებული ქალაქი“.
„ჩვენ ყველას ძალიან გვახსოვს, რომ 2021 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მოვიგეთ ქუთაისი. ქუთაისი არის ოპოზიციური ქალაქი. ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის იყო განათლების და ყველანაირი ინოვაციის საწინდარი. ქუთაისი არის ქალაქი, სადაც ხალხს სურდა, სურს ღირსეული ცხოვრება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ქუთაისი უკვე არის გამარჯვებული ქალაქი.
ჩვენ დღეს უამრავ ადამიანს ვესაუბრეთ. ვესაუბრეთ მშობლებს, რომლებსაც ეშინიათ სკოლაში შვილის წაყვანის, რადგან საკანცელარიო მასალა გაძვირდა. მშობლებს ეშინიათ შვილების გაჩენა, რადგან მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ საკვები, რომელიც წარმოუდგენლად გაძვირდა „ქართული ოცნების“ პირობებში, სახლში მიიტანონ. ყველას ეშინია ავად გახდომის. ახლა ვესაუბრებოდი ადამიანებს, ბევრ მათგანს ვიცნობ, როგორც გახსოვთ. მე ვიყავი გამარჯვებული კანდიდატი პირველ ტურში და შემდეგ მოგვპარეს ჩვენ ეს და ადამიანებმა თქვეს, რომ არ იციან როგორ იყიდონ წამლები. მე მყავს პენსიონერი დედა, ყველას გვყავს მშობლები და დიახ, ის ფასები, რომელიც არის წამლებისთვის, არის დამამცირებელი ამ ადამიანებისთვის. მე ახლა მიჭირავს განადგურებული ქუთაისის პარლამენტის შენობის ფოტო, რომელზეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ყველას ძალიან კარგად ახსოვს ეს და ეს შენობა ახლა რომ ფუნქციონირებდეს, ტურიზმი როგორ განვითარდებოდა, როგორი იქნებოდა ფასების კონკურენცია, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამიტომ ის მონოპოლია, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული და მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის არსებობს, ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ. ქუთაისი არის გამარჯვებული ქალაქი, ქუთაისელები გამარჯვებული ადამიანები და რა თქმა უნდა, ყველანი ჩვენ ერთად ვიქნებით სამშობლოს გადასარჩენად“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა და ავტომობილების განბაჟების ვადებმა გადაიწია