მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს რეჟიმი უნდა დაინგრეს ყველანაირი ხერხით – დიახ, რეჟიმი იმსახურებს ყველანაირი პასუხს , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანისუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ აპირებს ახალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას „კალანდარიშვილის, ამ სუს-ის და პოლიციის პირობებში“.
„ყველანაირი ხერხით უნდა დასუსტდეს, მიხვდეს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, თუ არა ის, შეცვალოს სრულიად სისტემა. მე ვფიქრობ, რომ აქამდე აუცილებლად მივალთ იმიტომ, რომ არავინ აპირებს ახალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას კალანდარიშვილის პირობებში, ამ სუს-ის პირობებში, ამ პოლიციის პირობებში. ჩემთვის „ქართული ოცნება“ არის ანტიეროვნული ძალა, რომლის მოქმედებებიც ერთი-ერთზე ემთხვევა რუსულ ხელისუფლებაში გატარებულ ღონისძიებებს ოპოზიციის და მედიის წინააღმდეგ. დიახ, რეჟიმი იმსახურებს ყველანაირი პასუხს, ჩემი აზრით, ეს პასუხის პირველ რიგში არის ზუსტად ის, რასაც უკვე იღებს მთელი ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ გადაცემაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასა და „ქართული ოცნების“ მიერ ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებაც ისაუბრა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნებამ“ საკუთარი გადაწყვეტილებით ერთის მხრივ დაასწრო ევროპის საბჭოს, მაგრამ მეორეს მხრივ, კი ეს არის იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კონკრეტული გზავნილი მიიღო ევროპის საბჭოდან, რომ „ჩვენ გაძლევთ დათქმებს, გაძლევთ ძალიან მნიშვნელოვან საშინაო დავალებას, რომელიც უნდა შეასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი და ეს დელეგაცია ნდობის მანდატს ვერ მიიღებს“, მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადეს ეს გადაწყვეტილება. ერთის მხრივ დაასწრეს საბჭოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის იზოლაციისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი.
არ დაგვავიწყდეს, რომ რეზოლუცია, რომელიც გუშინ მიიღო ევროსაბჭომ, ითვალისწინებდა დელეგაციისთვის ნდობის მანდატის შეჩერებას, მაგრამ დათქმებით შემდეგ მიღებას, თუკი ამ დათქმებს შეასრულებდა „ქართული ოცნება“. ეს ნიშნავს, რომ მათ არც კომიტეტებში, არც სხვადასხვა მისიებში არ ექნებოდათ საშუალება, რომ მიეღოთ მონაწილეობა. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპის საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დგას სამ ძირითად ფუნდამენტურ პრინციპზე: ადამიანის უფლებები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის უზენაესობა.
ხაზგასასმელია ერთი რამ, რომ ქვეყანა, რომელიც არ ყოფილა ევროპის საბჭოს წევრი, ვერ გამხდარა და ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ განცხადება, რომელიც გააკეთა წულუკიანმა, იდენტური განცხადება იყო ზუსტად, რომელიც გაკეთდა რუსული დელეგაციის მიერ, როდესაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა თქვა იდენტური ტექსტი და ვითომ დაასწრეს. რეზოლუცია ითვალისწინებდა უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და რუსეთის გარიცხვას, შემდეგ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ვტოვებთ ევროპის საბჭოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომავალში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზეც უარი განაცხადოს.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება ვრცელდება და სავალდებულოა ყველა შიდა სამართლებრივი სტრუქტურისთვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, რომ ჩვენ აღარ ვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც შეზღუდულია დღეს საქართველოში, მათ შორის ორგანიზებულად, წამების და ძალადობის სისტემის შექმნა რეჟიმის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მათთვის ეს მიუღებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.