ხატია დეკანოიძე – უნივერსიტეტებს კი არ აერთიანებენ, აუქმებენ, მახინჯი სისტემა ყველას შეეხება – ჩემი ინფორმაციით, სტუ-დან 60-70%-ის გაშვება და აბიტურიენტების მიღების შემცირება უნდათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანება ფაქტობრივად „გაუქმებას“ნიშნავს.
ამის შესახებ დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ცვლილებების შედეგად პროფესორ-მასწავლებლების დაახლოებით 70% შესაძლოა უმუშევარი დარჩეს. კერძოდ, მისი ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 60–70%-ის გათავისუფლება იგეგმება, ასევე, შემცირდება აბიტურიენტების მიღებაც.
ხატია დეკანოიძის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების რეალური მიზანი შენობების გასხვისებაა.
„არ ვამბობ, რომ აერთიანებენ, ვამბობ, რომ აუქმებენ. ფაქტია, რომ წარმოუდგენლად მახინჯი სისტემა ყველას შეეხება.
რა გააკეთეს იმისთვის, რომ სწავლის ხარისხი გაუმჯობესებულიყო? მისცეს თუ არა უნივერსიტეტებს ავტონომია? ვინ დანიშნეს სტუ-ს რექტორად? პროფესორ-მასწავლებლები 70%-ი რომ უმუშევარი დარჩება, ეს იქნება გაუმჯობესება? რისთვის სჭირდებათ, ყველამ ძალია კარგად იცის – სჭირდებათ შენობების გასხვისებისთვის. საქართველო არის პატარა ქვეყანა, გამოდის ინფორმაციები და ჩემი ინფორმაციით გეტყვით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტიდან 60-70 %-ის გაშვება და რა თქმა უნდა, აბიტურიენტების მიღების შემცირება უნდათ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
გარდა ამისა, დეკანოიძემ მეწარმეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის აღსრულება პრაქტიკულად წარმოუდგენელია და ის ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტების დასამკვიდრებლად სჭირდება.
მისი თქმით, აღნიშნული კანონი მიზნად ისახავს კონკრეტული ადამიანების დაშინებას და ქმნის საფრთხეს, რომ მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა კანონით დასჯადი გახდეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, თუ ხელისუფლება ძლიერია და საფრთხეს არ გრძნობს, გაუგებარია, რატომ სჭირდება „ავტოკრატიული ხასიათის კანონების მიღება“.
„ამ კანონის აღსრულება არის წარმოუდგენელი, ვფიქრობ, კანონი ორმაგი სტანდარტისთვის სჭირდებათ. სჭირდებათ კონკრეტული ადამიანების დასაშინებლად. საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მათი მხრიდან გამოთქმული კრიტიკა კანონით დასჯადი იყოს.
ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ძალაუფლების შენარჩუნება. ძალაუფლების კონსოლიდაცია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. თუ ხელისუფლება არის ძლიერი და მას არაფრის ეშინია, მაშინ რისთვის სჭირდება ავტოკრატიული კანონები“, – განაცხადა დეკანოიძემ.