ხატია დეკანოიძე – პროკურატურის გადაწყვეტილება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების დალუქვაზე დასტურია, რომ არჩევნების გაყალბება ახლაც მიმდინარეობს – ბაზების განადგურება უნდათ

არალეგიტიმური და მისი ხელისუფლება არის პრობლემა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პრობლემაა თავად “ქართული ოცნებისთვის” , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, საქართველოში ვითარება ყველა მიმართულებით დრამატულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ გაიყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.
“ყოველგვარი ყალბი ოპტიმიზმისა და ყოველგვარი პათოსის გარეშე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დრამატულია ვითარება ყველა მიმართულებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, გაიყინა პროცესი. ეს ისტორიული მისია, რომელიც ჩვენ გვქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში და ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი, შეიკრიბა ჩვენი პარტნიორების მაღალი პლეადა და თქვეს ძალიან კონკრეტულად, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ამის მიზეზი არის ანტიდასავლური პროპაგანდა, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, პერსონალური და ორგანიზებული, რომ საქართველო დაშორებოდა იმ ძალიან მნიშვნელოვან მისიას, რომელიც ჩვენ გვქონდა და ამის ბოლო შედეგი იყო , რომელიც ჩვენ გვქონდა და რომელიც არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და არც საერთაშორისო პარტნიორებმა არ შეაფასეს სამართლიან არჩევნებად.
მთავარი ქვაკუთხედი და ხერხემალი, რაც არის ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი პროცესის, რომელიც ჩვენ არა ერთხელ ვიხილეთ, არის ის, რომ არადემოკრატიულ, უსამართლო და არათავისუფალ არჩევნებში მოქალაქეების ნება არ არის ასახული.
პერსპექტივა იმის, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაზე. მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა. არალეგიტიმური ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის პრობლემა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პრობლემაა თავად “ქართული ოცნებისთვის” და ივანიშვილისთვის. რაც მთავარია, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ, რომ როდესაც არჩევნებს არ აღიარებს თავისუფალი სამყარო, ეს არჩევნები თავისუფალი არ არის. ეს, ასევე, არის შიდა კრიზისი და დიახ, ეს პარლამენტი უნდა დარჩეს ერთპარტიული იმისთვის, რომ ეს არაღიარება და მუდმივი ყურადღების კონცენტრაცია იყოს და აუცილებელია ქართველი ხალხის წინააღმდეგობა.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ახალი ადმინისტრაცია შველა იქნება და შვება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის. ასე ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ ახალი ადმინისტრაციის იმ შემადგენლობას, რომელიც უკვე დასახელებულია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, მიეცემა თუ არა საერთაშორისო ლეგიტიმაცია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, თუ “ქართული ოცნება” უკან გაიწვევს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს და კანონს “ოჯახური ღირებულებების შესახებ”, დეკანოიძემ განმარტა, რომ დასავლელი პარტნიორები არა ამ კანონების გაწვევას, არამედ არჩევნების გარშემო საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
“გამოვრიცხავ ნებისმიერი სახის რაიმე ვაჭრობას კანონების გაუქმებაზე იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო ლეგიტიმაცია მოიპოვოს. ჯერ ერთი, ამას სჭირდება მულტი ჩართულობა, მათ შორის, ოპოზიციის და ჩვენ გამოვრიცხავთ რაიმეზე ვაჭრობას ბიძინა ივანიშვილთან, თუ არ იქნება სამართლიანი, ახალი არჩევნები და გამოძიება.
ეს არ იყო განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან. ისინი ძალიან კონკრეტულად ითხოვენ, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილს, ამ არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამხელა ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შემდეგ, სჭირდება რომელიმე კანონი, რომ რაიმე სახის ქმედება ჩაიდინოს. ამ ხელისუფლებას კანონები არ სჭირდება იმისთვის, რომ მოახდინოს რეპრესია, რომ გააყალბოს არჩევნები, იმისთვის, რომ დასაჯოს ოპოზიცია და რეპრესია მოუწყოს სამოქალაქო საზოგადოებას, ამიტომ, ამაზე ნებისმიერი ტიპის ვაჭრობა ოპოზიციის მხრიდან არის გამორიცხული”, – აღნიშნა დეკანოიძემ.
დეკანოიძე ასევე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, რომელიც ხმის მიცემის აპარატების დალუქვას ეხება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნების გაყალბება ახლაც მიმდინარეობს.
“პროკურატურის გადაწყვეტილება, საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების დალუქვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არჩევნების გაყალბება ახლაც მიმდინარეობს. პროკურატურის მიერ ამ მანქანების ამოღება და ტექნოლოგიური მონაცემების განადგურება, ამას მოწმობს. იმის ნაცვლად, რომ პროკურატურა დაინტერესებულიყო და მართლაც დაებარებინა გამოკითხვაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რატომ იყო ხმის ფარულობა დარღვეული, რატომ იყო “ქართული ოცნების” კამერა ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მთვლელი მანქანების უკან, რომელიც ფარულობას არღვევდა და აფიქსირებდა ყველა ადამიანს, რატომ მოხდა, რომ მარკერი გარედან ჟონავდა. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები გამოკითხონ, გვიბარებენ ჩვენ. ეს არის იმის დასტური, რომ ბაზების განადგურება უნდათ, აპირებენ იმ დუბლირებული გვარების ამოღებას, რომელშიც ემიგრაციაში წასული ადამიანები და რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ადამიანები აღმოჩნდნენ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა, გაგრძელდეს არჩევნების მიტაცება და გაყალბება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ