ვერავინ გადაურჩება სანქციებს და “მეგობარი აქტის” აჩრდილი წამოადგება ყველას თავზე, ამას ემსახურებოდა სწორედ დღევანდელი სიაც , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, სია, რომელიც სენატორმა ჯო უილსონმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, პირველადია და მისი შემადგენლობა მუდმივად გაიზრდება.
“თავისთავად, ისტორიული მოვლენა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ და შემდგომ უკვე არჩევნების შემდეგ, ძალიან ტურბულენტურ ვითარებაში, სადაც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებობს მწვავე საკითხები, რომელზეც შეთანხმება ძალიან ჭირს, ჩვენ მივიღეთ საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი საქართველოში დემოკრატიის მდგრადობის, განვითარების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სერიოზული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ორპარტიულია. მე ვფიქრობ, თავისთავად, ეს არის უპრეცედენტო იმიტომ, რომ ტრამპისა და რესპუბლიკელების მთელი ფოკუსი გადატანილია უკრაინაზე და არა მხოლოდ – ეს არის ემიგრაციის საკითხები, ტარიფები, ეკონომიკური საკითხები – ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს.
გამოქვეყნდა ეს სია, ოღონდ სანქციებისა და კანონმდებლობის ჩარჩოს მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ეს სია შეიძლება გაიზარდოს და გაიზრდება მუდმივად. პირველადი სია არის ზუსტად ეს, რომ ქართველმა ხალხმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მათ შორის, გაიგოს, ვინ მოხვდება ამ სანქციებში და საკმაოდ წარმომადგენლობითია “ქართული ოცნების” რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის ლაქიები და მათი ოჯახის წევრები არიან შიგნით წარმოდგენილი. ვერავინ გადაურჩება ამ სანქციებს და “მეგობარი აქტის” აჩრდილი წამოადგება ყველას თავზე, ამას ემსახურებოდა სწორედ დღევანდელი სიაც”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “მეგობარმა აქტმა” ცხადად აჩვენა, ვის არ უნდა მშვიდობა საქართველოში. მისივე განმარტებით, საქართველოს წესიერი ხელისუფლება რომ ჰყოლოდა, ქვეყანას ჰქონდა იმის საშუალება, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტორად გამოეყენებინა.
“ჩემთვის ყველაზე მარტივი არის ორი ფაქტორი – პირველი ფაქტორი არის ერთის მხრივ სანქციები, მეორეს მხრივ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და არჩევნების გამოძიება. გიორგი კალანდარიშვილის ამ სიაში მოხვედრა ნიშნავს სწორედ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ფაქტორი, ის არის, თუ რას გვთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ ერთ პინაზეა სანქციები და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და მეორე პინაზეა უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შეგვიძლია მოვითხოვოთ უსაფრთხოების გარანტიები და ჩემთვის ყველაზე უფრო საგულისხმო არის ის, რომ ამ აქტმა ცხადად აჩვენა, ვის არ უნდა მშვიდობა საქართველოში – მთელი ამ წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” კვებავდა ჩვენს მოქალაქეებს ამ მშვიდობის პარადიგმაში, ფსიქოლოგიურად აშინებდა საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ახლა გამოჩნდა, რომ თუ ვინმეს არ უნდა მშვიდობა საქართველოში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ, მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში მისთვის იყო ყველაზე მთავარი საკითხი და ეს მოლაპარაკებებიც დაიწყო, ჩვენ წესიერი ხელისუფლება რომ გვყოლოდა, გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან უსაფრთხოების მთავარ გარანტორად გამოგვეყენებინა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლებლობას დაიტოვებდნენ, რომ საქართველოში ასევე გრძელვადიანი მშვიდობის გარანტორები ყოფილიყვნენ”, – აღნიშნა დეკანოიძემ.
