მინდა ყველას მივულოცო სტატუსის მიღება და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის დამსახურება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა, რომელიც როგორც დეპუტატს აქვს, კარგად აქვს გააზრებული და მის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საქართველომ შეასრულოს 9 დათქმა, თუმცა, ეს იქნება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს უახლოეს პერიოდში სერიოზული რეფორმების ჩატარებას. მარტში დაიწყება უკვე შეფასების პირველი კრიტერიუმი, ეს შეფასება უნდა გაკეთდეს საქართველოს პროგრესზე იმ 9 დათქმიდან, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი შესასრულებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა გავიაზროთ ყველამ და განსაკუთრებით ეს პასუხისმგებლობა ეხება საქართველოს ხელისუფლებას. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მალე და დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას. გაფართოების ეს ტალღა დასრულდება 2030 წელს და საქართველომ მნიშვნელოვანია გააკეთოს ყველაფერი რეფორმების კუთხით, თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიმართულებით. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება უპირველესი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი ყველას კარგად ჰქონდეს გააზრებული,“ – განაცხადა დეკანოიძემ.