ხატია დეკანოიძე – “მეგობარი აქტი” სენატში ყოველგვარი დამატებითი ცვლილებების გარეშე გავიდა – ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე აქტი ვერ დამტკიცდებოდა

“მეგობარი აქტი” სენატში ყოველგვარი დამატებითი ცვლილებების გარეშე გავიდა. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ეს არის დავალება ფედერალური საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რომ საქართველოში შესწავლილ იქნას რუსული კავშირები და ასევე ჩინური გავლენები.
“მეგობარი აქტი” სენატში გავიდა, ყოველგვარი დამატებითი ცვლილებების გარეშე. ეს არის ორპარტიული სრული მხარდაჭერა და ახლა შემდეგი იქნება ქვეკომიტეტები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ “მეგობარი აქტის” მსვლელობას ვერაფერი შეაჩერებს. თქვენ იცით, რომ ეს აქტი მოიცავს ძალიან სერიოზულ სანქციებს სა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგია, ასევე მის მიმართ, ვინც ადამიანის უფლებებს ებრძვის.
ეს არის დავალება ფედერალური საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რომ საქართველოში შესწავლილი იქნას რუსული კავშირები, ასევე ჩინური გავლენები, ამიტომ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი აქტია. ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, უკვე არის ამ აქტით, როგორც რეჟიმი, ისე გაფორმებული და ყოველგვარი ილუზია, რასაც ატყუებდნენ ქართველ ხალხს “ქართული ოცნების” რეჟიმის წარმომადგენლები, რომ აი, მოვა ტრამპის ადმინისტრაცია და ყველაფერი შეიცვლება, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი და როგორც სენატორმა შაჰინმა თქვა – ჩვენ ვაჩვენებთ ქართველ ხალხს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას მათ გვერდით.
ვფიქრობ, რომ ზუსტად ამის გადასაფარად გამოვარდა მერე და თქვა, რომ არაკონსტიტუციურად გამოვაცხადებთ ყველა პარტიასო. ახლა ფიქრობენ, როგორ შეავსონ პროპაგანდისტულად საინფორმაციო ველი. არაფერი არ შეიცვლება და ამ აქტის განხილვა გაგრძელდება.
ფაქტია, რომ “რესპუბლიკური პარტიის” მხარდაჭერა აქვს აქტს და ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე ეს აქტი ვერ იქნებოდა სენატში დამტკიცებული”, – განაცხადა დეკანოიძემ.