ხატია დეკანოიძე – თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, თუ ადამიანებმა არ დაინახეს, ვის უნდა გადააბარონ ხელისუფლება, ძალიან რთული იქნება ივანიშვილის შეცვლა

თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, თუ ადამიანებმა არ დაინახეს, ვის უნდა გადააბარონ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, ძალიან რთული იქნება ს შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ამასთან, დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი.
დეკანოიძის თქმით, ის იზიარებს სტრატეგიული პარტნიორების ყველა მოსაზრებას.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ყველა მოსაზრებას ვიზიარებ. სხვათა შორის, NDI-ის მისია შედგება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანისგან. ეს არის ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი… ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით კონტექსტი. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ თუ არ იქნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, თუ ადამიანებმა არ დაინახეს, ვის უნდა გადააბარონ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, ძალიან რთული იქნება ბიძინა ივანიშვილის შეცვლა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებში რუსეთს არ დასჭირდება ფარული ჩარევა, რადგან სთვის მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში.
„გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნებია. დღეს იყო საუბარი იმაზეც, ჩაერევა თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ აღარც სჭირდება ფარულად ჩარევა, იმიტომ, რომ რუსეთი მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ არ მოვიდნენ პროდასავლური ძალები ან პარტიები. ამიტომ, რუსეთს ფარული ჩარევა, არც სჭირდება“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება მეოთხე არჩევნებით არ იცვლება, მაშინ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ნაკლებობაა და ოლიგარქიის სიმძლავრეა.
„თუ ხელისუფლებები არ იცვლებიან, მაშინ ნებისმიერი თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე საუბარი არის სიყალბე და ფარისევლობა. თუ ხელისუფლება მეოთხე არჩევნებით არ იცვლება ე.ი. სერიოზული პრობლემაა და ეს სერიოზული პრობლემა არის დემოკრატიის ნაკლებობა და ოლიგარქიის სიმძლავრე, რასაც რუსეთი უჭერს მხარს.
„საჭიროა გვესმოდეს, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებები ხშირად იცვლებიან. ასე მოხდა 2012 წელს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება 2024 წელს“,- განაცხადა დეკანოიძემ.