თურქმენეთში მიმდინარე ფორუმში მონაწილეობის არანაირი წინაპირობა და ვალდებულება საქართველოს არ ჰქონდა. ეს არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც პუტინის კონკრეტული განაცხადი იყო ნეიტრალიტეტზე – მე არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ კობახიძესა და პუტინს შორის რაიმე სახის ფარული მოლაპარაკება იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თურქმენეთის მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოიხატება იმაში, რომ გარდა დაკარგული ტერიტორიების აღიარებისა, გვთხოვენ, რუსეთი და საქართველო საბრძოლო ალიანსში იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ“.
„ამ ფორუმში გაცილებით უფრო სხვა კონტექსტია – „ქართული ოცნების“ ძალადობისა და ომის რეჟიმმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის ომის რეჟიმს ამ ქვეყანაში სჭირდება ქაოსი და ძალადობა. იმიტომ, რომ ამ ფორუმის თემა არ ყოფილა არც ეკონომიკური თანამშრომლობა, არც ცენტრალური აზიის სავაჭრო დერეფანი, რაზეც „ქართული ოცნების“ ომის რეჟიმი მუდმივად აქცენტს აკეთებს. ამ ფორუმში მონაწილეობის არანაირი წინაპირობა და ვალდებულება საქართველოს არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც პუტინის კონკრეტული განაცხადი იყო ნეიტრალიტეტზე. როდესაც პუტინმა თურქმენეთის ლიდერს მიმართა, ხაზი გაუსვა, რომ თურქმენეთის მშვიდობის გარანტი და ყველა ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობის დათბობის გარანტი უნდა იყოს ნეიტრალიტეტი“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, კითხვაზე: ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტიც შეიძლება თუ არა შეფასდეს, როგორც განაცხადი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ და უშვებს თუ არა დეკანოიძე, რომ „ქართული ოცნება“ ამ თემას ამუშავებდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დადებითი პასუხი გასცა.
„ვფიქრობ, რომ ამ თემას ამუშავებენ. უკვე ძალიან დიდი ხანია ამ თემაზე პროპაგანდისტული არხებიც და ზოგადად, ღიად პრორუსი პოლიტიკური ძალები კონკრეტულად სვამენ აქცენტს. მთავარი არის, რომ „ქართული ოცნების“ ომის რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე პუტინთან ერთად ესწრება ფორუმს, სადაც არაფერი განსაკუთრებული პოლიტიკური ქვეტექსტი არ არის, გარდა იმისა, რომ პუტინი იქ არის, თითქმის, მასპინძელი. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი.
ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ყველას და ყველაფერს. დავიწყოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით. გავიხსენოთ წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს მიწერა, საკუთარი თანხების ამოღების მიზნით. ევროკავშირის ყველა ლიდერთან და სახელმწიფოსთან ბიძინა ივანიშვილის ძალადობისა და ქაოსის რეჟიმს აქვს კონკრეტულად ღია წინააღმდეგობა, ეს არის გერმანია, საფრანგეთი და ასევე, მნიშვნელოვან დიდ სახელმწიფოსთან დიდ ბრიტანეთთან. არაფერს ვსაუბრობ ჩვენს მეზობლებზე, აზერბაიჯანსა და სომხეთთან, რომელთაც ძალიან დაძაბა ურთიერთობა. მათი საუბრის ძირითადი თემა არის, რომ საქართველოდან რეპრესირებულმა არასამთავრობო სექტორმა იქ რაღაცნაირად არ პოვოს თავშესაფარი. რეჟიმმა ომი გამოუცხადა და ქაოსში ჩათრევას ცდილობს ქართველის ხალხის, რომლის წინააღმდეგაც რეპრესიებია. მათ შორის, სოციალურად დაუცველების, ემიგრანტების, რომელსაც ხმის მიცემის უფლება წაართვა. პრაქტიკულად ყველა ის სექტორი, რომელიც ამ ქვეყანაში რაღაცნაირად დოვლათს ქმნიდა. გუშინ მძიმე ინფორმაცია გავრცელდა – ფსიქიკური ჯანმრთელობის, ნარკომომხმარებელთა, სხვადასხვა ფსიქოტროპულ საშუალებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეესტრის შექმნის შესახებ, რაც არის უდიდესი რეპრესიული მექანიზმის წინაპირობა. ომი ამ ადამიანებთან. ეს მარტივად შეიძლება შანტაჟის მექანიზმი იყოს. თუ ადამიანს აწუხებს ან შფოთვა, ან მენტალური პრობლემები, რაც ამ დროსა და საუკუნეში ყველა ადამიანს ეხება და მიმართავენ მენტალური ჯანმრთელობის ნებისმიერ ექიმს, ეს შეიძლება გახდეს წინაპირობა იმის, რომ თქვენ აღმოჩნდეთ ამ რეესტრში. აღმოჩნდნენ ამ რეესტრში საჯარო მოხელეები, ჩვეულებრივი ადამიანები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მართვის მოწმობის გაცემაზე უარი, კონკრეტულად შანტაჟი ამ ადამიანების, სამსახურში მიღებაზე უარი… ეს არის ძალიან მძიმე ფაშისტური კანონი, სადაც ერთი რამ დარჩა მხოლოდ, რომ კონკრეტულ ადამიანებს ყვითელი ვარსკვლავი მიაკერონ გარედან.
ამის ფონზე, მე არ მიკვირს ომის რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე, რომ პუტინთან ერთად ფორუმს ესწრება. თუმცა ივანიშვილმა პრაქტიკულად მისი ძალადობრივი, ქაოსური რეჟიმით საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც უნდა მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში გამოუცხადა ღია და საჯარო ომი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ძალიან დიდი გამარჯვება.
„ქართველი ხალხის ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. იმ ხალხის, ვინც გააპროტესტა გავრილოვის ჩამოსვლა. მის ჩამოყვანაზე პასუხისმგებელი იყო „ქართული ოცნების“ ომისა და ძალადობის რეჟიმი. კარგად გვახსოვს ფოტო, როცა გავრილოვი და კობახიძე ჭიქით ხელში სადღეგრძელოს ამბობდნენ. იმ ღამით გამოყენებული იყო ისეთი სპეციალური საშუალებები, რომლებმაც ადამიანებს უმძიმესი დაზიანება მიაყენეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რამდენიმე მუხლის დარღვევა. ის ძალადობა, რომელიც სახელმწიფომ გამოიყენა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, წამებას უტოლდება. აქ, რა თქმა უნდა, გახარიას პასუხისმგებლობა დგას. მაშინაც მე ძალიან აქტიური მონაწილე ვიყავი პროტესტის და შემდეგ წლებშიც. ეს უპირველესად არის, „ქართული ოცნების“ ძალადობის რეჟიმის, ომის რეჟიმის პასუხისმგებლობა. დაგვავიწყდა გახარიას რომ აქებდნენ? ყველაზე სუპერ ძალოვანი მინისტრიო რომ ამბობდნენ, შემდეგ პრემიერ-მინისტრად გადაიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის „ქართული ოცნების“ რეჟიმის პასუხისმგებლობა. გახარიას ჰქონდა ბევრჯერ შანსი რეალურად ეთქვა რა მოხდა 20 ივნისს. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობა გამოიყენა. მან ეს შანსი არ გამოიყენა. არ ვიცი რატომ.
„ქართული ოცნება“ ვერ მოახერხებს იმ პროცესებისგან დისტანცირებას, რაც მოხდა 20 ივნისს. ეს რეჟიმი, რომელმაც იძალადა ქართველ ხალხზე, ეს ძალადობა გაგრძელა 2023 წელს და შემდეგ უკვე უმძიმესი მოვლენები, რომელიც განვითარდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. წამება, ადამიანზე ძალადობა, წამების მანქანები, 500-ზე მეტი დაკავებული და დაშავებული ადამიანი, პოლიტიკური პატიმრები და ქიმიური აგენტით მოწამვლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩატარდება საერთაშორისო გამოძიება, შეიძლება „ქართული ოცნების“ ომის რეჟიმის პირობებში ვერა, მაგრამ ეს გამოძიება აუცილებლად იქნება და შეიძლება თავისი განვითარება ჰააგამდეც პოვოს.
ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ შეხედეთ, კობახიძე დგას პუტინთან. რუსეთს აწუხებს ადამიანის უფლებები? მე არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ კობახიძესა და პუტინს შორის რაიმე სახის ფარული მოლაპარაკება იყოს. არ დაგვავიწყდეს ჩვენ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების ცნობა და აღიარება უნდა მოვახდინოთ, ასევე, გვთხოვენ, რომ რუსეთი და საქართველო საბრძოლო ალიანსში იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის მოთხოვნები, რომელსაც აჟღერებენ რუსი პროპაგანდისტები და ეს არის მოთხოვნები, რომელიც არის პუტინის მოთხოვნები საქართველოს მიმართ. სიმართლე გითხრათ, პირველი რიგის ამოცანად რაც მიმაჩნია და არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის ერთი კონკრეტული იდეის გარშემო ყველა ადამიანის შეკვრა. ჩვენ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა“,- განაცხადა დეკანოიძემ.
გარდა ამისა, მან იმ საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც შეკრებასა და მანიფესტაციას, მათ შორის ტროტუარზეც ზღუდავს. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ეს კანონები არის არაკონსტიტუციური.
„ის კანონები, რომელიც ზღუდავს შეკრებასა და მანიფესტაციას, არაკონსტიტუციური კანონებია. ზუსტად კონსტიტუციურ გადატრიალებას ახდენს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ძალადობის და ქაოსის რეჟიმი. ვაპირებ, რომ მივიდე დღეს რუსთაველზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნების“ ომის რეჟიმს არ ადარდებს საქართველოს მოქალაქეები. არავინ არ მოსულა იქ არასდროს და არ გამოუხატავს უკმაყოფილება. პირიქით, ადამიანები შეძახილებითა და დროშებით ხვდებიან მარშებს და პროტესტს. იმაზე საუბარი, რომ ჩვენი საზოგადოების რომელიმე ნაწილი ადარდებს „ქართული ოცნების“ ომის რეჟიმს, არ ადარდებს! ყველას წინააღმდეგ აქვთ ომის გამოცხადებული. ისინი იყენებენ ქიმიურ აგენტს, რომ ადამიანები დაწამლონ. არ არსებობს ისეთი სექტორი, სადაც რეგრესში მყოფი დიქტატურა, რასაც ცდილობს ივანიშვილი რომ დაამყაროს, არ მივა და არ შეეხება.
ახლა არის იმის მომენტუმი და დრო, რომ არავითარი ფრაგმენტიზაცია პროტესტში ჩართული ადამიანების არ მოხდეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი არის ციხეში, კაცმა არ იცის რამდენი ხანი შეიძლება ვიყოთ ჩვენ თავისუფლებაზე. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გაერთიანება მოხდეს. ოპოზიცია არ არის განყენებული ხალხისგან. არ ჩამოვვარდნილვართ სხვა გალაქტიკიდან, ვართ ამ საზოგადოების ნაწილი. ის ადამიანები, ვინც არიან ციხის გარეთ, მეტ ნაკლებად კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან. ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ ერთობა, ერთობა. ყალბ ერთობაზე საუბარი უნდა დასრულდეს. აქ არის საუბარი იმაზე, რამდენად შეგვიძლია ჩვენ იდეის გარშემო გაერთიანება, თუნდაც შევკრათ ალიანსი პროპაგანდის წინააღმდეგ. მთავარი იარაღი ამ პოპულისტური დიქტატორული რეჟიმების არის ადამიანების ფსიქოლოგიასა და შიშებზე თამაში. რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, რომ თვითონ ძალადობის და ომის რეჟიმმა ადამიანები შანტაჟში ჩააბა, რომ მას უნდოდა მშვიდობა და ჩვენ ძალადობა. ამ დროს პირიქითაა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ ვართ მშვიდობის ალიანსის წარმომადგენლები. ის ადამიანები, ვისაც სტაბილურობა და მშვიდობა უნდოდა ამ ქვეყანაში. ახლა მთავარია კონკრეტული იდეის გარშემო გავერთიანდეთ – პროპაგანდასთან დაპირისპირება, რეჟიმის არაკონსტიტუციურ კანონებთან დაპირისპირება. ამ იდეის გარშემო იყოს გაერთიანება და არა კონკრეტული მაგიდის გარშემო. ჩვენ გვჭირდება იდეური ერთობა, პროპაგანდასთან დაპირისპირება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.




