ხატია დეკანოიძე – გუშინდელმა ინტერპელაციამ გამოაჩინა, რომ ემიგრანტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ძალიან გულგრილია – საუბარი, რომელიც გამოსავალზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო, დემაგოგიაში გადაიზარდა

გუშინდელმა ინტერპელაციამ მხოლოდ ის გამოაჩინა, რომ ემიგრანტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ძალიან გულგრილია – საუბარი, რომელიც გამოსავალზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო, გადაიზარდა დემაგოგიაში,- ამის შესახებ „ევრო ოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე მინისტრმა ფაქტობრივად თქვა, რომ ეს უბნები არ გაიხსნება, რაც ძალიან მძიმეა.
„გუშინდელმა ინტერპელაციამ მხოლოდ ის გამოაჩინა, რომ საქართველოს მოქალაქეების, ემიგრანტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ძალიან გულგრილია, რადგან გუშინ ვერ გავიგეთ, რას აპირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისთვის, რომ ჩვენმა ემიგრანტებმა ხმა მისცენ იმ ადგილებში, სადაც დიდი რაოდენობის კონცენტრაცია ჩვენი მოქალაქეების. მე რამდენიმე პრობლემა დავუსვი მინისტრს: პირველი ეხებოდა იმას, თუ რა ქნან ემიგრანტებმა, ვისაც არ აქვთ საშუალება იფრინონ, ან აიღონ ბილეთები; აწარმოებს თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რომელიმე სხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებებს და ამ ქვეყნების პოზიცია როგორია დახმარების კუთხით. ზოგადად ვფიქრობ, ემიგრანტების დიდი ნაწილი გაფრთხილების გარეშეა დარჩენილი, რომ განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება.
დამატებითი უბნების გახსნაზე მინისტრმა ფაქტობრივად თქვა, რომ ეს უბნები არ გაიხსნება, რაც ძალიან მძიმეა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეების კონცენტრირება ძალიან დიდია. გუშინ, საუბარი, რომელიც გამოსავალზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო, გადაიზარდა დემაგოგიაში, უმრავლესობის მხრიდან ოპოზიციის ლანძღვაში, რაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა ჩვენი ემიგრანტების“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
უმრავლესობის დეპუტატების არგუმენტს, რომ საზღვარგარეთ უბნების გახსნა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, დეკანოიძე „სასაცილოს“ უწოდებს.
„ცოტა სასაცილო არგუმენტია. ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, ეს ხელისუფლება, საკუთარ მოქალაქეებს ემიგრანტებს, ვინც ინახავს ამ ქვეყნის ბიუჯეტს და აგზავნის დიდი რაოდენობით ფულს, ეუბნება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი უბნების გახსნა.
პირველ რიგში, შესაძლებელია დროებითი წარმომადგენლობები გაიხსნას, რაც არ არის დაკავშირებული დიდ თანხებთან. მეორე – ემიგრანტები მზად არიან თანამონაწილეობა გაიღონ და თვითონ მოძებნონ ფართები სხვადასხვა ქალაქში, სადაც მაღალია კონცენტრაცია. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელია. 12 ათასი ხმა, რომელიც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო მთლიანად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ემიგრაციიდან, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მინისტრი ამბობს, რომ დრო არ არის საკმარისი – 4 წელი გავიდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან და ეს დრო უნდა ყოფილიყო სრულებით საკმარისი. ფაქტია, რომ ემიგრანტების დიდი წილი ოპოზიციურადაა განწყობილი, რადგან ქვეყნიდან სწორედ ამ ხელისუფლების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო წავიდნენ და ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ დამატებითი უბნები გაიხსნას. კანონითაც უნდა გაიხსნას უბანი, როდესაც 50-ზე მეტი ხელმოწერაა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ