ივანიშვილმა კობახიძეს არ მისცა საშუალება, დაენიშნა საკუთარი გუნდი, სწორედ ამიტომ მან არავინ შეცვალა ჩიქოვანის გარდა – როგორც აღმოჩნდა, ჯუანშერ ბურჭულაძის გამო ყოფილა ის ყველაფერი, რაც არ მოსწონდა ივანიშვილს, ეს ცოტა სასაცილოა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ერთი გვარის მეორეთი ჩანაცვლებით, არაფერი შეცვლილა და მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას მისი ნდობა არ ექნება.
„ყველა მინისტრი არის იგივე, გარდა თავდაცვის მინისტრისა. ირაკლი კობახიძეს არ მისცა უფლება ივანიშვილმა, რომ დაენიშნა ახალი მინისტრები. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, იგი მოსულიყო და მთავარ საკითხზე, უსაფრთხოების კონტექსტში ესაუბრა მის ხედვაზე. რაც შეეხება კითხვებს, მე შს მინისტრისგან მაინტერესებს ის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელიც ეხება ნარკოტიკებს, ეს ეხება მაგალითად „ფენტალინს“, რომელზეც შემაშფოთებელი სტატისტიკაა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მე მაინტერესებს, რას აკეთებს შსს გარდა იმისა, რომ მთელ პოლიციას ამუშავებს ოპონენტების დევნისთვის. ასევე, მაინტერესებს, იქნება თუ არა ახალი ვერტმფრენები, მობილური შვეულფრენები სამაშველო სამსახურისთვის. შოვის ტრაგედიისას თქვენ იცით, რომ ამის სერიოზული პრობლემა იყო. ასევე, თავდაცვის მინისტრისგან არაფერი ახალი არ მომისმენია ნატოს მიმართულებით.
მინდა ღიად და საჯაროდ ვთქვა და კომიტეტზეც ვთქვი, გვახსოვს უმრავლესობის განცხადებები, რომ თუკი ივანიშვილი შემობრუნდება პოლიტიკაში და ამას აძალებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაშინ გაიხსნება მეორე ფრონტი. მე მაინტერესებს, ახლა ჩიქოვანის დამოკიდებულება როგორია – არის თუ არა მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება? ამ კონტექსტში, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის მთავარი დათქმა არის სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
ჩემი ნდობა, რა თქმა უნდა, ამ მინისტრთა კაბინეტს არ ექნება, რადგან არაფერი შეიცვალა ერთი გვარის მეორეთი ჩანაცვლებით. ერთადერთი, რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ჩემი მოსაზრებაა, რომ ივანიშვილმა კობახიძეს არ მისცა საშუალება დაენიშნა საკუთარი გუნდი და მან სწორედ ამიტომ არავინ შეცვალა ჩიქოვანის გარდა. როგორც აღმოჩნდა, ჯუანშერ ბურჭულაძის გამო ყოფილა ის ყველაფერი, რაც არ მოსწონდა ივანიშვილს, ეს ხომ ცოტა სასაცილოა,“ – განაცხადა დეკანოიძემ.