ხატია დეკანოიძე – არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი „ქოცების“ ჩატარებულ ოპერაციას არ დააკვირდება – დიდწილად დამოკიდებულია „ლელოზე“, გახარია მარტო არჩევნებში ვერ შევა, ნეიტრალურ კანდიდატს არჩევს, მისი პარტიის იმედი არ აქვს?

ჩვენი თაობის ოპოზიციონერების „ფეილი“ ის იქნება, რომ საერთო ენა ვერ მოვძებნეთ ზრდასრულმა ადამიანებმა. ეს ჩვენი ძალიან დიდი სირცხვილია – არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი „ქოცების“ მიერ ჩატარებულ ამ რაღაც ოპერაციას არ დააკვირდება , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აძლიერებს და მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მიზანია, რომ ოპოზიციურმა სუბიექტებმა, ძალების კონსოლიდაცია ვერ მოახდინონ.
„თუ თვითმმართველობის არჩევნებზე არ ჩამოვლენ საერთაშორისო დამკვირვებლები და მითუმეტეს დიდი კოალიციებიდან არავინ მონაწილეობას არ მიიღებს, სრულფასოვანი ვერ იქნება. არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი „ქოცების“ მიერ ჩატარებულ ამ რაღაც ოპერაციას არ დააკვირდება. ასევე, მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიცია. ჩვენ გვაძლიერებს ერთიანი პოზიცია, არ ვგულისხმობ, რომ ყველა ერთმანეთთან უნდა ვიყოთ ჩახუტებულები. რა გვასუსტებს? – ფრაგმენტაცია. ამ ეპოქაში და მძიმე მოცემულობაში, როდესაც ამ მხარეს ვდგავარ – ოპოზიციაში – ამაყი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ჩვენი თაობის ოპოზიციონერების „ფეილი“ ის იქნება, რომ საერთო ენა ვერ მოვძებნეთ ზრდასრულმა ადამიანებმა. ეს ჩვენი ძალიან დიდი სირცხვილია.
ამიტომ ჩვენ რა მექანიზმი გვაქვს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მიცემით, საფრთხის კონტექსტში, ეს საფრთხე ჩვენს თავს დავუყენოთ?
ბიძინა ივანიშვილს აწყობს, როდესაც ჩვენ მეტად ფრაგმენტირებულები ვიქნებით ან მეტი დაპირისპირებული პოზიცია, ან მეტი პოლიტიკური ლიდერი იქნება ციხეში. ამიტომ ის ჩვენი ფრაგმენტაციისთვის ყველაფერს აკეთებს, პოლიტიკური ლიდერების ციხეში ჩასმა ჩვეულებრივი ამბავია მისთვის. ბიძინა ივანიშვილისთვის არავითარი მოჩვენებითი დემოკრატიაც კი არ არსებობს, მისი მთავარია, რომ ჩვენ ძალების კონსოლიდაცია ვერ მოვახდინოთ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ასევე პოლიტიკოსი პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიციას გამოეხმაურა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლა ბევრი რამ „ლელო-ძლიერ საქართველოზეა“ დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში.
„თუ ძალიან მაგარია გახარიას პოზიციები ნეიტრალურ კანდიდატებს რატომ არჩევენ? მგონია, რომ დიდ წილად, ბევრი რამ, დამოკიდებულია „ლელოზე“, მათ გადაწყვეტილი პოზიცია არ აქვთ, მაგრამ თუ გაიხსნება მოსალაპარაკებლად ფორმატი მგონია, რომ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. გახარია მარტო არჩევნებში ვერ შევა. გახარია ნეიტრალურ კანდიდატს არჩევს, მისი პარტიის იმედი არ აქვს? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გახარიას პარტია ყველაზე გარიყული იყო. აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საკუთარი იდენტობა აეშენებინათ და ემიჯნებოდნენ ყველაფერს. თუ აცხადებ, რომ გამაერთიანებელი ფიგურები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ესე იგი ერთიანობას რაღაც კონტექსტში მხარს უჭერ, მაგრამ საკუთარი ამბიციებისა და პოზიციების გამო ერთიანობა არ უნდათ.
ახლა უნდა იყოს ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, ახლა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების დარწმუნება, რომ არჩევნები სპეცოპერაცია არ არის და ბოიკოტიც არ არის სწორი ტერმინი, რომ ეს „ქართული ოცნების“ ოპერაციაში არ მონაწილეობაა. მესამე უნდა იყოს სანქციები, ამ კუთხით მუშაობის გაძლიერება და მეოთხე ადამიანებთან, პროპაგანდის წინააღმდეგ მოძრაობა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.