ხატია დეკანოიძე – არსებულ პარტიებში ინტეგრაციას გამოვრიცხავ – კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იდეურ ერთობაზე

არსებულ პარტიებში ჩემს ინტეგრაციას გამოვრიცხავ, – ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
კითხვაზე, შეიქმნება თუ არა ახალი პარტია, ხატია დეკანოიძე პასუხობს, რომ ამას „არ გამორიცხავს“.
„მე ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის განსასჯელად კონტრასტის მიცემა და ჩვენება, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ამ ქვეყანაზე, სრულიად რეალისტურია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის თქმით, არსებული პარტიერბის გაერთიანებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაერთიანება სინერგიული ეფექტის იქნება, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ გაერთიანებამ საპირისპირო აჩვენა.
„სინერგია ხომ უნდა იყოს? აი, მაგალითად „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირიქით კლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. რა სინერგია მოიტანა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეფემერულ ერთობაზე არ უნდა იყოს საუბარი, ერთობამ სინერგია უნდა მოიტანოს. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იდეურ ერთობაზე და კონტრასტის ჩვენებაზე, ვინ არის რეალურად „ქართული ოცნების“ რეალური კონტრასტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ გადაცემაში პრეზიდენტის, ს სავარაუდო პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ იმის გამორიცხავ შეუძლია, რომ პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს.
„სხვათა შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორი იყო პრეზიდენტის უახლოესი გეგმები და პასუხი იყო, რომ „ ვაპირებ მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას, ეს არის ევროპული ინტეგრაცია და ვაპირებ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკური სუბიექტი ან ობიექტი შეიძლება გახდეს, მაგრამ არც ის შთაბეჭდილება არ მაქვს, რომ შეიძლება სახლში წავიდეს მალე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.