“ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საქმეში ყველა მხარე მართალია” – რას გულისხმობს იურისტი

ადვოკატის & იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებლის, ოთარ კაჭკაჭაშვილის მოსაზრებით, “ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საქმეში ყველა მხარე მართალია”.
მისი მოსაზრებით, პრობლემა არსებული კანონმდებლობის აღსრულებაშია, რომლის მიყურადებითაც ეგრეთ წოდებული მევახშეები სარგებლობენ. უფრო გასაგებად, რომ ავხსნათ, ოთარ კაჭკაჭაშვილმა საკითხის განხილვა 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით დაუწყო, როდესაც ფიზიკურ პირებს შორის ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შეიზღუდა.
იურისტი ამბობს, რომ ის რაც შეიცვალა, აუცილებლად უნდა შეცვლილიყო, მაგრამ, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოვლენის მექანიზმებიც უნდა დანერგილიყო.
ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, მევახშეებმა კანონმდებლობაში არსებული ცვლილების შემდეგ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით სარგებლობას მიმართეს, რისი საშუალებითაც მათ მთავარ მიზნად ქონების დაუფლება რჩება.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა ამ ამბავში რაღაცა კუთხით მართალია. გარკვეულ წილად მართალი იყო სააღსრულებო ბიურო, როცა ამ ადამიანს ასახლებდა, – ის თავის დავალებას ასრულებდა. სასამართლოც მართალი იყო, როცა მოსარჩელის სარჩელი დააკმაყოფილა და გამოსახლების განკარგულება გასცა. პოლიცია, რომელიც წესრიგს იცავდა ისიც მართალი იყო. ადამიანები რომლებიც გამოსახლებას აპროტესტებენ ისინიც მართლები არიან. ასევე მართალი იყო საზოგადოების პროტესტი – ამ ამბავში ყველა მართალი გამოვიდა, მაგრამ მაინც ბევრი კითხვა რჩება. მაშინ სად არის პრობლემა! დავიწყებ იქიდან, რომ ტერმინი მევახშეობა საკანონმდებლო ტერმინი არ არის. დღეს ასეთი პირები ფულს ფულის გასესხებით შოულობენ. დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც ეს ტერმინი გაჩნდა, მაშინ როცა ეს ხალხი აქტიურად საქმიანობდა, რაღაც პრობლემები დაგროვდა. სესხით ფულის გაცემა ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეეძლო და ასევე შეეძლოთ ქონებები იპოთეკით დაეტვირთათ. გაფორმებულ ხელშეკრულებებში კი ქონების დაუფლების მიზნით ჩადებული მექანიზმები იყო. მაშინ ფულის გასესხებისას პროცენტის დაბრუნების ინტერესი კი არა, ქონების სწრაფად დაუფლების ინტერესი ჰქონდათ. დაგროვდა პრობლემები და ამ საკითხმა როგორც საზოგადოება, ისე სახელმწიფო შეაწუხა და მივედით დასკვნამდე, რომ კანონი შეგვეცვალა ანუ აგვეკრძალა ის რაც იყო.
მაგრამ ბოლომდე ვერ გაითვალა ის თამაშის წესი, რაც შემოიტანა ახალმა კანონმა და მისი აღსრულება ვერ ხდება. თუ რაღაც ავკრძალეთ, მისი გამოვლენის მექანიზმები და პრაქტიკა უნდა დანერგილიყო ქვეყანაში, რომ თუ აღმოჩნდებოდა რომ სესხის ნაცვლად სხვა გარიგებები დაიდებოდა, მაშინ ჩვენ მისია აღმოჩენა, ბათილად ცნობა უნდა იყოს.
ადამიანები, ვისაც დიდი ფული ჰქონდა ამ ბიზნესში ჩადებული, მეორე კვირასვე ახალი გარიგებები დაიწყეს და დღემდე უამრავი იდება ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. თუ მანამდე მევახშეებს გარკვეული მანძილის გავლა სჭირდებოდათ, რომ მესაკუთრეები გამხდარიყვნენ ახლა ეს მანძილიც აღარ არის ამ კანონმდებლობაში და პირდაპირ მესაკუთრეები ხდებიან. პრობლემის მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო სხვა ჩიხში შევედით. თუ ავკრძალეთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები ფიზიკურ პირებს შორის მაშინ სახელმწიფომ უნდა ინებოს და გააკონტროლოს, რომ ამ კანონის გვერდის ავლით თუ გარიგებები ხდება მათი იდენტიფიცირება მოახდინოს და პირები ან პასუხისგებაში მისცეს ან ასეთი პირები როცა სასამართლოს მიმართავენ ბათილად ცნოს, რომ მიხვდნენ ეს მხარეები რომ ასეთი ტიპის გარიგებებს შორი გზა არ აქვს“, – ამბობს ოთარ კაჭკაჭაშვილი.
რაც შეეხება ზამთარში ბინიდან ადამიანების გამოსახლების საკითხს, იურისტი მიიჩნევს, რომ თუ ასეთი რამ მოხდება, სახელმწიფომ მათთვის დროებით საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
“თუ პირი ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლდება, მაშინ სახელმწიფომ მასზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასზე ზრუნვის და მეურვეობის ვალდებულება უნდა აიღოს. დროებით თავშესაფრით უზრუნველყოს, რადგან არცერთი კანონი არ იქნება სამართლიანი თუ ჩვენ გავიგებთ რომ გამოსახლებული ადამიანები ღამე გაიყინონ”, – განაცხდა მან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კეკელიძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა წლების განმავლობაში, 2018 წლამდე, მარინა ხატიაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი აღსრულების პოლიცია მათ გამოსახლებას ცდილობს. ბოლო გამოსახლების მცდელობისას, ხატიაშვილის ოჯახის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც პოლიციამ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ