„ხარისხის ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ექსპორტზე გასვლა მაინც პრობლემაა” – რძის საწარმო ”შვანრე”

უმაღლესი ხარისხის მიუხედავად, ექსპორტზე გასვლას ვერ ვახერხებთ, რადგან შესაბამისი სტანდარტი (ISO) არ გვაქვს დანერგილი, – ამის შესახებ ”ბიზნესპარტნიორთან” ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე კოოპერატივი ”დმ-ანსის” დირექტორი ნონა ანსიანი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად საჭირო სერტიფიკატის მოპოვება ამ ეტაპზე დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ რძის წარმოებაში, არამედ მთლიანად მესაქონლეობაში, რადგან კანონმდებლობა მცირე მეწარმეებს ISO-ს სერტიფიკატის დანერგვას არ ავალდებულებს. ექსპორტზე გასვლა კი აღნიშნული სერთიფიკატის გარეშე, შეუძლებელია.

”სერტიფიკატის აღება და მერე ყოველთვიურად მისი დაცვა ბიზნესის მხრიდან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, რისi რესურსიც რეალურად არ გვაქვს. ამიტომაც, მცირე საწარმოები ამ სტანდარტის დანერგვას ვერ ვახერხებთ. ვცადეთ, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხის მობილიზება გახდა საჭირო. არსებული კანონმდებლობა აღნიშნული სტანდარტის დანერგვას მხოლოდ მსხვილ საწარმოებს ავალდებულებს, როგორიცაა, ვთქვათ, ,,სანტე” და ,,სოფლის ნობათი”, რომლებიც ამ სტანდარტს ფლობენ კიდეც, რასაც ჩვენ მოკლებული ვართ”, – აცხადებს ანსიანი.
პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე „შვანრე“-ს სახელით რეალიზდება. კომპანია 20 -მდე დასახელების რძის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა არტიზანული დასახელების რამდენიმე ყველი (ნარჩვი, ტენილი), სულუგუნი, შებოლი სულუგუნი, ჭყინტი ყველი, ნადუღი, კარაქი, ერბო და სხვა. საწარმო დღიურად 0.5-1 ტონა რძეს გადაამუშავებს. ნედლ რძეს კოოპერატივის მეპაიეებისაგან და ფერმერებისგან იბარებს.
კომპანიის სამომავლო გეგმაშია გაფართოებაც, ამისთვის კი დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიციის განხორიცელებაა საჭირო. ანსიანი ფიქრობს, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ამისთვის მზად იქნება და თუკი სერტიფიკატთან დაკავშირებული საკითხიც მოგვარდება, ევროკავშირის ბაზარზე გასვლასაც შეძლებს.
ჯერჯერობით უცნობია, პროექტის განსახორციელებლად კომპანია რომელი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს.
”ზოგ შემთხვევაში, კონკრეტულ აგრო-პროექტში ჩვენი რეგიონი არ არის მონიშნული. ხელსაყრელ დროს ველოდებით. ვფიქრობ, 2 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ გაფართოება შევძლოთ. ამისთვის საწარმო ტექნოლოგიურად უნდა გადაიარაღდეს. წარმოებაში უჟანგავი ფოლადი გამოიყენება, რაც ძვირადღირებული ტექნიკაა. თუკი პროექტს განვახორციელებთ, წარმოების, მინიმუმ, გაორმაგება შეგვეძლება”, – აცხადებს ნონა ანსიანი.

ამ ეტაპზე ”შვანრეს” ნაწარმი თბილისის აგრომარკეტებსა და აგრო ბუტიკებში, ასევე ინტერნეტ მაღაზიებსა და მინი აგრობაზრობებზე იყიდება.
”წარმოებაში განსაკუთრებით ისეთ სახეობებზე კეთდება აქცენტი, რომელიც მივიწყებულია. ვცდილობთ მათ პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. ასეთია ნარჩვი, ტენილი და სხვა. ეს არის ე.წ. არტიზანული ყველი, რომლის წარმოება ტექნოლოგიურად რთულია და სპეციფიკური პროცედურას მოიცავს. დასრულებული სახის მისაღებად ყველს 3 და 6-თვიანი დავარგება სჭირდება. შესაბამისად, დიდი ყურადღებას და შრომას მოითხოვს, ვინაიდან დაძველების ხანგრძლივ პროცედურას გადის”, – აცხადებს ნონა ანსიანი.

ცნობისთვის, რძის გადამამუშავებელი საწარმო ”დმ-ანსი” 2021 წელს დმანისში 96 500-ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა. საწარმო ”სოფლის განვითარების სააგენტოს” კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ბენეფიციარია.
bp.ge