„ხარისხის გასაუმჯობესებლად მოგვიწევს დაფინანსების გაზრდა როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით“ – თამარ სანიკიძე

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება განათლების მიმართულებით პირველ რიგში გულისხმობს ხარისხის გაზრდას, რისი ვალდებულებაც უკვე აღებული გვქონდა ასოცირების შეთანხმებით. შესაბამისად, მოგვიწევს ამ ხაზის გაძლიერება, რათა შემდეგ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ“, – ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირისგან გაიზრდება საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რაც განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებაა.
„კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის ნიშნავს უფრო მეტ ფინანსურ რესურსთან წვდომას და ასევე საერთაშორისო ექსპერტიზაზე წვდომას, რომელიც ძალიან გვჭირდება ხოლმე რეფორმის განხორციელების ეტაპზე.ასევე საინტერესო სიახლეები გვექნება მეცნიერების მიმართულებით.
გარკვეული მოცულობითი სამუშაოები ჩვენ უკვე ჩატარებული გვაქვს განსაკუთრებით უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებებით.
რაც შეეხება სასკოლო განათლებას, ეს ერთიანი მიდგომით არ რეგულირდება და უფრო მეტად ეროვნულ დონეზე წყდება, თუმცა ბოლონიის წევრები ვართ და ამ ჩარჩოს ფარგლებში რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული მათ შესრულებაზე მუშაობა და ხარისხის გაუმჯობესება მოგვიწევს“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
როგორც მან განმარტა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაიზრდება საქართველოს განათლების სისტემისადმი ნდობა, რომელსაც ქვეყანამ განათლების შესაბამისი ხარისხით უნდა უპასუხოს.
„ჩვენ გაგვეზრდება ნდობა უმაღლესი განათლების, სამეცნიერო საქმიანობის თუ პროფესიული განათლების სისტემის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ეს სანდოობა უნდა მივიღოთ და მას შესაბამისი ხარისხით ვუპასუხოთ. ამიტომ ჩვენი ძირითადი სამუშაო ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
საინტერესო სიახლეები გველის „ერასმუსის“ პროგრამასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე შეგვიძლია გავხდეთ პროგრამის ქვეყანა, თუ მანამდე ვიყავით პარტნიორი ქვეყანა, რაც ნიშნავდა, რომ სხვა ქვეყანასთან დაწყვილებული უნდა ვყოფილიყავით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა, რომლითაც უნდა ვნახოთ, თუ რამდენად მზად ვართ გავხდეთ პროგრამის ქვეყანა.
პროგრამის ქვეყანა თუ გავხდებით, ჩვენ წამყვანი როლი გვექნება. ამიტომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც კვლევის შედეგად გვექნება, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
როგორც მან განმარტა, საერთაშორისო ფონდებისგან გამოყოფილი თანხები შეგვიძლია რეფორმებისთვის გამოვიყენოთ, მაგრამ განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს სისტემის დაფინანსებისთვის თანხების გაზრდა აუცილებლად მოუწევს.
„საერთაშორისო ფონდებთან წვდომა და სხვადასხვა დაფინანსების გამოყენება არ არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. როგორც ევროპულმა ქვეყანამ, იმისთვის, რომ სხვადასხვა საფეხურებზე განათლების ხარისხი გავაუმჯობესოთ, მოგვიწევს გავიზიაროთ ევროპული ქვეყნების ის პრაქტიკა, რომელსაც ისინი საკუთარი განათლების სისტემის დაფინანსებისთვის იყენებენ. რეალურად ჩვენ მოგვიწევს დაფინანსების გაზრდა როგორც როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით. აქ კიდევ არ გვაქვს ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორც მეცნიერების დაფინანსების ნაწილში.
უცხოურ ფინანსებს ჩვენ რეფორმების განხორციელებისთვის გამოვიყენებთ, მაგრამ ქვეყნის განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესი რომ ხანგრძლივად შევინარჩუნოთ, ცალსახად მოგვიწევს დაფინანსების გაზრდა“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა