ხარისხიანი ევროპული მედიკამენტი, შეიძლება ქსელურ აფთიაქებში ვერ ნახოთ და „ვაგზალზე“ იყოს. რეფერენტული ფასის პოლიტიკა დიდი შეცდომაა – ვატო სურგულაძე

საქსტატის მონაცემებით, აპრილში წამლების ჯგუფის ნაწილზე ფასები გაიზარდა. კერძოდ, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები წლიურად თითქმის 12%-ით იყო გაძვირებული, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები თითქმის 22%-ით, ხოლო ვიტამინები 11%-ით.
ფასები იმ ცალკეულ მედიკამენტებზე გაიზარდა, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეფერენტული ფასის პოლიტიკა არ ფარავს.
ჯანდაცვის სპეციალისტის ვატო სურგულაძის „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოება მწირია, ხოლო იმპორტირებულ პრეპარატებზე ფასის ზრდა ლარის გაუფასურებას უკავშირდება. სურგულაძე მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნური რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან დიდი შეცდომაა.
„საქართველო ძალიან ცოტა მედიკამენტს აწარმოებს და გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ისინი ხარისხიანია. უცხოეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასი ფიქსირებულია ევროს, გირვანქას ან დოლარის ვალუტაში. როგორც კი ლარი უფასურდება, შემომტან კომპანიებს ფასის გაზრდა უწევთ და ეს ნორმალურია. ფარმაციული ბიზნესი დახმარების ფონდი არ არის, ეს ჩვეულებრივი კომერციული ბიზნესია. აღსანიშნავია, რომ ახალი მედიკამენტი ადგილობრივ, ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზეც საკმაოდ ძვირი ღირს და თუ ჩვენ რეალური და კარგი წამალი გვინდა, ძვირის გადახდაც მოგვიწევს. რეგულაცია, რომელიც სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ფასებზე დაწესდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო“,- აღნიშნა ვატო სურგულაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ რეფერენტული ფასების დაწესებამ ფარმაცევტული ბაზარი ხელოვნურად შეავიწროვა და კომპანიები იძულებული გახდნენ, იაფფასიანი, ხშირად ნაკლებად ხარისხიანი პრეპარატები შემოეტანათ.
„ხარისხიანი ევროპული მედიკამენტი შეიძლება დიდ ქსელურ აფთიაქებში ვერ ნახოთ და ვაგზლის ბაზრობაზე იყოს. როდესაც სახელმწიფომ რეფერენტული ფასები შემოიღო და თქვა, რომ ამ მედიკამენტზე ამაზე მეტი ფასი ვერ დაწესდებაო, კომპანიებმა განსხვავებულად დაიწყეს მოქცევა. როგორ ფიქრობთ, მედიკამენტების შემომტანს რა ურჩევნია, შემოიტანოს 2$-იანი მედიკამენტი, რომელსაც 2.20$-ზე მეტს ვერ დაადებს თუ შემოიტანოს 1-დოლარიანი მედიკამენტი და $2.20-ად გაყიდოს?
ფარმაცევტულ კომპანიებს ნუ მოვთხოვთ სოციალურ პასუხისმგებლობას, ეს ჩვეულებრივი კომერციული სტრუქტურაა. რეფერენტული ფასები კარგია პირობითად გერმანიაში, რადგან იქ მედიკამენტის ხარისხი ეჭვს არ იწვევს. გერმანიაში მოქალაქე არ იკითხავს: ეს მედიკამენტი ხარისხიანია თუ არა, რადგან, იქ დაბალი ხარისხის მედიკამენტი არ ესმით რას ნიშნავს, ან მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს, ან აფთიაქში არ უნდა იდოს. მეორეც, ევროპულ ქვეყნებში ვალუტა ევროა, რომელიც სტაბილურია; ჩვენ კი ლარში ვვაჭრობთ, რომელიც მუდმივად არასტაბილურია. ცხადია, რომ რეფერენტული ფასის შემოღება ძალიან დიდი შეცდომაა“,- თქვა ვატო სურგულაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.