„ხარვეზები მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს“ — ომბუდსმენი ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმებზე

სასჯელის გადავადებისა და სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმების ფუნქციონირებაში არსებობს არაერთი საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია.
ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი წერს სპეციალურ ანგარიშში, „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში“, რომელიც აპარატმა დღეს, 15 ივლისს წარადგინა.
„ბევრი საკითხია, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რომელიც პირობით, ვადამდე ადრე გათავისუფლებას ეხება“, — აღნიშნა ლევან იოსელიანმა ანგარიშის წარდგენამდე.
გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა, მაგალითად, ის, რომ პროცედურის დაწყება ხდება მსჯავრდებულების პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სამსახური თავად ნიშნავს და ატარებს ექსპერტიზას. ექსპერტიზის მძიმე დასკვნების არსებობის შემთხვევაშიც კი, პენიტენციური სამსახური არასდროს მიმართავს სასამართლოს.
კვლევისას ნათელი გახდა, რომ წარდგენილი შუამდგომლობები ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოებს არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვთ იმ მსჯავრდებულებთან, რომლებიც მძიმე ავადმყოფობის გამო ითხოვენ სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას.
იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლოში საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება, მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა იმ მტკიცებულებების გამოკვლევისა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის დარღვევით იქნა გამოკვლეული.
მაშინაც კი, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მსჯავრდებული წელიწადში ერთხელ მაინც ვალდებულია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაიტაროს და დასკვნა სასამართლოს წარუდგინოს. მსჯავრდებულს ამის გაკეთება საკუთარი ხარჯით უწევს.
არ არის დადგენილი ვადა, რამდენი ხნით ადრე უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვამდე.
„უკეთ მუშაობს ორსულობის ან ბავშვის ერთი წლის ასაკის მიღწევამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმი, რომელშიც არსებითი პროცედურული ხასიათის ხარვეზები არ გამოვლენილა“, — წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ხარვეზები, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია ნორმატიული აქტების ბუნდოვანებით. არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის შეფასებით საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
ეს მექანიზმები, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა, ასევე, სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, განაჩენის აღსრულების გადავადება ავადმყოფობის ან ორსულობის გამო, პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, დროებით ან სრულად გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან მაშინ, როდესაც სასჯელის აღსრულების აუცილებლობის საპირწონედ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მსგავსი ფაქტორები დგას.
სახალხო დამცველის აპარატმა სულ შეისწავლა 2015-2020 წლებსა და 2023 წელს განხილული 194 საქმე. კერძოდ, სასამართლოებში განხილული 115 და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ განხილული 79 მსჯავრდებულის საქმე.

ასევე დაგაინტერესებთ