ხშირი ხანძრების გამო, 2024 წლისთვის საბერძნეთმა ხანძარსაწინააღმდეგო დოქტრინა მთლიანად გადასინჯა. დღეს საბერძნეთის მთავრობა კმაყოფილია, რომ ამ ნაბიჯმა პირველი შედეგები უკვე გამოიღო და დამწვარი ფართობების რაოდენობა, ერთი წლის განმავლობაში, თითქმის მესამედით შემცირდა.
მასშტაბური ხანძრები საბერძნეთში სეზონური ფენომენია, თუმცა, ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილების შედეგად, მან სისტემატური ხასიათი მიღო. 2024 წლიდან ათენმა გადაწყვიტა, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხისთვის მთლიანად გადაეხედა, რათა ცეცხლის გაჩენის ლამის მუდმივ საფრთხეს უკეთ გამკლავებოდა. სახანძრო აღჭურვილობაში მეტი ინვესტიციის ჩადების გარდა, ქვეყანაში მეხანძრეებისა და ტყის მცველების რაოდენობაც გაიზარდა.
ჰაერიდან წყლის ჭავლის მფრქვეველი ვერტმფრენები საბერძნეთში, ამ ზაფხულს, კვლავ რეგულარულად კურსირებდნენ. ინტენსიური ხანძრები მძვინვარებდა კუნძულებზე, ქიოსსა და კითერაზე. თუმცა, პირველი დადებითი შედეგები უკვე ხელშესახებია: ახლახან, საბერძნეთის კლიმატის კრიზისის მინისტრი ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიების წინა წელთან შედარებით თითქმის მესამედით შემცირებას მიესალმა.
ათენის ეროვნული ობსერვატორიის მკვლევარი და ხანძართან ბრძოლის სპეციალისტი, თეოდორე გიანაროსი ასეთ კომენტარს აკეთებს: „ბოლო წლებში საბერძნეთის მთავრობამ სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები. მაგალითად, მაღალი რისკის მქონე ტერიტორიების უწყვეტი მეთვალყურეობისთვის დრონების გამოყენება ნიშნავს, რომ ახალი ხანძრების აღმოჩენა ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი“.
„სახანძრო სფეროში ასევე შეიცვალა დოქტრინა: ხანძრის მცირე კერის დაფიქსირებისთანავე, მის ლიკვიდაციაში ყველა არსებული ძალა დაუყოვნებლივ ერთვება. ასევე მიღებულია ზომები პრევენციის კუთხით, როგორიცაა, მაგალითად, ტყის მასივების გაწმენდა“, – განუცხადა თეოდორე გიანაროსმა „ფრანსინფოს“.
თუმცა, ბერძენი სპეციალისტი შეშფოთებულია იმით, რომ ერთი და იგივე ტერიტორიაზე ხანძარი ყოველწლიურად მუდმივად ჩნდება. ამის გამოსასწორებლად, მას მიაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა შეგროვდეს რაც შეიძლება მეტი მონაცემი ხანძრების გამომწვევ მიზეზებზე და იმაზე, თუ როგორ ვრცელდება ისინი. გიანაროსის თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს უკვე დამწვარი ტერიტორიების აღდგენა და გამაგრება, რათა ცეცხლის ალი აქ ყოველ ზაფხულს არ აბრიალდეს.
1tv.ge
