ხანგრძლივი გვალვის გამო სარდინიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

30 ივლისს იტალიის კუნძულ სარდინიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – მიზეზი ხანგრძლივი გვალვაა, რომელიც კუნძულზე გადაადგილებასაც აფერხებს.
ტურისტულად გამორჩეულ ლოკაციაზე წვიმა, რამდენიმე კვირაა, არ ყოფილა, სიცხე კი დღითი დღე იზრდება. პროგნოზის თანახმად, მომდევნო დღეებში სარდინიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.
საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ ინფორმაცია რეგიონულმა საბჭომ სარდინიის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტთან, ალესანდრა ტოდთან კონსულტაციის შემდეგ გაავრცელა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობა ძალაში 31 დეკემბრამდე დარჩება.
“გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ზომებს მივმართოთ რისკების პრევენციისთვის და წყლის განგრძობითი კრიზისის ეფექტები თავიდან ავირიდოთ. საჭიროა ისეთი უჩვეულო პროცედურების გატარება, როგორიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა”, – ამბობს ტოდი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს კრიზისის მართვისთვის სარდინიას დაფინანსების მიღების მოლოდინი აქვს.
მედიით ადგილობრივი მეწარმეები და მოქალაქეები წყლის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე უკვე საუბრობენ: გვალვა მნიშვნელოვნად აზიანებს კუნძულის სოფლის აგროკულტურის წარმოებას და ინდუსტრიულ საქმიანობას.
იტალიელი სენატორები მთავრობას გვალვასთან ბრძოლის მოკლევადიან ზომებთან ერთად, გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავებასაც ითხოვენ.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ