ხალხს განცდა აქვს, რომ კრიზისული ვითარებაა… გაყიდვები მინიმუმ 30%-ითაა შემცირებული – “მეგასპორტი”

რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, გაყიდვები შემცირებულია.
როგორც საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტში“ BMG-ის განუცხადეს, წინასაახალწლო პერიოდის მიუხედავად, გაყიდვები შემცირებულია.
კომპანიის დამფუძნებლის, დავით ჩხეიძის შეფასებით, არასტაბილურ ვითარებაში მომხმარებელი დანაზოგის დახარჯვას ერიდება.
„15 წლის განმავლობაში რა გამოცდილებაც დავაგროვეთ, როგორც წესი, 15 დეკემბრიდან იწყება ხოლმე შედარებით უფრო გააქტიურებული გაყიდვები. წელსაც ჩვენ სეზონისთვის ყველანაირად მზად ვიყავით, თუმცა ის პოზიტიური წინასაახალწლო განწყობა, რაც წინა წლებში იყო, ახლა არაა. ხალხს იმის განცდა აქვს, რომ რთული, კრიზისული ვითარებაა, შესაბამისად, გაყიდვების კლება შეინიშნება, ყველაზე მცირე, კლება 30%-ია. გაყიდვების შემცირება ყველა პროდუქციაზე შეინიშნება, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სპორტული ინვენტარი, თხილამურები და შესაბამისი აღჭურვილობა.
ყველგან იგრძნობა, რომ მომხმარებელს ისეთივე განწყობა არ აქვს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ჩემი აზრით, შიშია იმის, რომ დაგროვებული თანხა უცებ რომ დახარჯონ, მერე რა ვითარება იქნება“, – განაცხადა დავით ჩხეიძემ.