უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის” დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი განცხადება ფრაქციის დატოვების შესახებ დღესვე გააცნონ საკანონმდებლო ორგანოს – ამის შესახებ მან განაცხადა 6 თებერვალს, ვერხოვნა რადის პლენარული სხდომის დღეს.
“მე მივმართე [დავით] არახამიას და უკრაინის უმაღლესი რადის ხელმძღვანელობას, რათა წაიკითხონ ჩემი განცხადება „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან ჩემი გასვლის შესახებ, სადმე თუ არ დაგიკარგავთ. გამიშვით!“ – წერს მარიანა ბეზუჰლა ფეისბუკში, თავის გვერდზე.
უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელობას დეპუტატის სიტყვებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამავე დროს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქს-უკრაინა” ციტირებს პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, ელენა შულიაკს, რომლის მიხედვითაც, ბეზუჰლას განცხადება ფრაქციის დატოვებაზე „დიდი ხნის წინ დააკმაყოფილეს.“
დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა ცნობილია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ზალუჟნის კრიტიკით. „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა ქალმა შარშან ნოემბერში გენერალი ზალუჟნი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
„გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ვერ წარმოადგინა რუსეთთან ომის წარმოების 2024 წლის სამოქმედო გეგმა. ვერც – დიდი, ვერც – პატარა, ვერც – ასიმეტრიული და ვერც – სიმეტრიული“, – წერდა მარიანა ბეზუჰლა, რომლის შეფასებასაც თანაფრაქციელების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამ დაპირისპირების გამო მარიანა ბეზუჰლამ „ვერხოვნა რადის“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვა, მოგვიანებით კი მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციიდან გასვლა მოითხოვა.
29 იანვარს მარიანა ბეზუჰლამ გენერალი ვალერი ზალუჟნი ალკოჰოლიზმში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
„რაც უფრო მალე გადადგება უკრაინის არმიის მთავარსარდალი, მით მეტი იქნება შანსი, რომ თავი დავაღწიოთ ადამიანების განადგურების ზედაპირულ ჯოჯოხეთს არა მხოლოდ რუსების, არამედ საკუთარი მოძველებული, პოსტსაბჭოთა არმიის მიერ“, – წერს მარიანა ბეზუჰლა ფეისბუკში.
გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინელი დეპუტატის კრიტიკაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მმართველი პარტიის დეპუტატ მარიანა ბეზუჰლას შეფასებებს არ გამოხმაურებია არც “ხალხის მსახურის” დამფუძნებელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლაზე ფიქრობს.
ბოლო დღეებში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ მიღებულია შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. 4 თებერვალს ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ფიქრობს ზალუჟნის და არა მხოლოდ მის შეცვლაზე.