გამოცემა “თაიმერის” ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს სხდომა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განხილულიყო, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა და ორშაბათამდე გადაიდო.
“ოცნების” დეპუტაცია სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადდა, ხოლო კოალიცია “ახალის” დეპუტატმა ავთანდილ გაბელიამ საკრებულოს სხდომა დატოვა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატთა საქციელი უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს, რადგან საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა წალენჯიხელი ბავშვებისთვის, ასევე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხა, რომელიც გამოყოფილია, მაგრამ წალენჯიხის ბიუჯეტში არ არის ასახული.
კორნელი სალიამ განაცხადა, რომ დეპუტატებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იზრუნონ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლების მოსახლეობაზე, განიხილონ და გადაჭრან მათ წინაშე მდგარი პრობლემები, ეს საკითხები არ აინტერესებთ და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ.
ხალხის არჩეული ადამიანები “ვერ მოდიან” სხდომაზე და რატომ, სრულიად გაუგებარია, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
წალენჯიხის საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 12:00-ზეა ჩანიშნული.
წყარო – თაიმერი
