ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთის 3:0 დამარცხებით B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრაა და ჩვენს გუნდს საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი, რასაც იმედია, მშვიდად მოახერხებს.
„ჯვაროსნები“ 2020 წლის შემოდგომაზე ორჯერ დაუპირისპირდნენ მეზობლებს, კვიპროსში ფრედ, 2:2 ეთამაშენ, თბილისში კი 1:2 წააგეს. გუშინ ნათლად გამოჩნდა ამ ხუთი წლის განმავლობაში რამხელა პროგრესი განიცადა ვილი სანიოლის გუნდმა. ჩვენი ნაკრები წინ მიიწევს და თავად ფრანგმა სპეციალისტმაც სამწვრთნელო კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უძლიერეს მეტოქეებთან მძიმე
ბრძოლები ელით და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები ისევ გაგვახარებენ, რაც საკმაოდ რთული იქნება.
„ვაზგენ სარგსიანზე“ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და თავის ყოფილ დამრიგებელს ჯონ ვან ტ’სხიპს აჩვენა, როგორ უსამართლოდ მოექცნენ „აიაქსში“. ქართველი ამსტერდამულ კლუბში მაშინ შიდა ინტრიგების მსხვერპლი გახდა. „ტელეგრაფი“ წერდა, რომ სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა გუნდის
გასაძლიერებლად 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამ ფეხბურთელების (იოსიპ სუტალოს, გიორგი მიქაუტაძის, კარლოს ფორბსის, გოსტონ ავილას და ჩუბა აკპომის) რეალური ღირებულებაა. სწორედ ის გახლდათ გიორგის ტრანსფერის ინიციატორი და ეს მწვრთნელის სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა.
მისლინტატი მალე სამუშაოდან დაითხოვეს, ეჭვობდნენ, რომ ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობდა, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. შემდეგ გუნდის თავკაცი მორის სტეინი გადააყენეს და მის ნაცვლად ვან ტ’სხიპი დანიშნეს, რომელმაც მიქაუტაძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა ნაკლებად მისცა, თავადაც მოუწია „აიაქსის“ დატოვება და სომხეთის ნაკრებში დასაქმდა. მან საქართველოსთან დაპირისპირების წინ თქვა, რომ მიქაუტაძეს ბევრ დროს ვერ აძლევდა, სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებდა, რადგან თავდასხმაში ბრობი და ჩუბა აკპომი ჰყავდა, საბოლოდ ყველასთვის სასურველი გამოსავალი მოიძებნა და ქართველის „ლიონში“ წარმატებული ასპარეზობა უხარია.
გიორგი „აიაქსში“ დუშან ტადიჩის მემკვიდრედ განიხილებოდა, თუმცა შანსი არ მისცეს , მან თავისი მაინც დაამტკიცა და კიდევ ხშირად დაამტკიცებს. ის კარგი ფეხბურთელი, კარგი ადამიანი, კარგი ქართველია და ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს.
რაც შეეხება ტ’სხიპს, 1+1 სისტემის კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მიხვდა, ალბათ, როგორ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა და არაა გამორიცხული, წლის ბოლოს პოსტის დატოვება მოუწიოს. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ კი ფილმ „მიმინოდან“ სახალისო ეპიზოდი გამახსენდა: „ძერ ნმანერი ხაიტარაკუმ ენ რესპუბლიკან“ – „ისეთები როგორც თქვენ, არცხვენენ რესპუბლიკას“.
მიმომხილველი
