ხათუნა ლაგაზიძე – შეიძლება უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირმაც მოგვცეს – ეს არის უნიკალური ფანჯარა, რომელიც დრომ გაუხსნა საქართველოს და ჩვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გავიაროთ გზა კანდიდატობიდან წევრობამდე

რასაც აქამდე საქართველო მხოლოდ ნატო-ს უკავშირდება, შეიძლება მსგავსი ტიპის უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირმაც მისცეს – ეს არის უნიკალური ფანჯარა, რომელიც დრომ საქართველოს გაუხსნა და დღეს ჩვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გავიაროთ გზა კანდიდატობიდან წევრობამდე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
ლაგაზიძის თქმით, „ევროკავშირმა დამატებითი დატვირთვა შეიძინა საქართველოსთვის, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურმა სავაჭრო სივრცემ, არამედ როგორც უსაფრთხოების სივრცემ და ამიტომ „სასწრაფოდ გადასადგმელია ნაბიჯები, რათა არა 2030 წლისთვის, არამედ უფრო მალე შევძლოთ იმ 9 ნაბიჯის შესრულება, რაც სავალდებულოა მოლაპარაკების გახსნისთვის“.
„თანამედროვე გამოწვევებმა დღის წესრიგში დააყენა ევროპის თავდაცვის ძალების შექმნის საკითხი. , ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკვე ღიად საუბრობენ სწორედ ევროპის გაერთიანებული თავდაცვის ძალების მშენებლობაზე, ისევე როგორც სამხედრო ინდუსტრიის სასწრაფოდ გადაწყობაზე, დამატებითი დაფინანსების ჩადებაზე. ეს საქართველოსთვის აჩენს უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით. ანუ ის, რასაც აქამდე საქართველო მხოლოდ ნატო-ს უკავშირდება, შეიძლება მსგავსი ტიპის უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირმაც მისცეს. ამიტომ, ეს არის უნიკალური ფანჯარა, რომელიც დრომ საქართველოს გაუხსნა და დღეს ჩვენი მოვალეობა ისაა, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში გავიაროთ გზა კანდიდატობიდან წევრობამდე. უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც სულ უფრო და უფრო რეალური ხდება და საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა ერთობლივი შესყიდვები განახორციელოს სამხედრო შეიარაღების, მომავალში ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგას არ გამორიცხავს, პირიქით, ნატო უფრო თამამად გადმოდგამს ნაბიჯს საქართველოსკენ. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
ამ კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის. არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინის ეს ფართომასშტაბიანი აგრესია 2007 წლის მიუნხენის კონფერენციიდან დაიწყო, როდესაც განაცხადა, რომ უკრძალავდა დასავლეთს შავ ზღვაზე გაფართოებას. მაშინ, სამწუხაროდ, დასავლეთმა ამას ყური ნაკლებად ათხოვა და მივიღეთ ომი საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, საქართველო არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა იყოს შავი ზღვის მთლიანი სანაპირო ზოლი დაცული რუსული აგრესიისგან. ვუყურებდით, როგორც მოინდომა რუსეთმა შეეწყვიტა შავ ზღვაზე თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, რამაც მსოფლიო კრიზისი გამოიწვია. ასე რომ, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ზოლი აქვს შავი ზღვის, მნიშვნელოვანი ქვეყანაა ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. თუ გუშინ ნატო და ევროკავშირი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა შავი ზღვის უსაფრთხოებას, დღეს ის მისთვის სასიცოცხლოა, ამიტომ საქართველომ ეს შანსიც უნდა გამოიყენოს. გამოწვევებით სავსე დროა, მაგრამ ეს გამოწვევები შესაძლებლობებსაც ქმნის“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.