ხათუნა ბურკაძე – 2024 წელს რუსთაველზე ახალი საქართველო დაიბადა, რაც ჩვენი ევროპული მომავლისათვის მნიშვნელოვანი საფუძველია

შესავალი
2024 წელს ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებები უნდა დაგვეწყო, თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ მიღებულმა ანტიკონსტიტუციურმა გადაწყვეტილებამ ურთულესი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. 2024 წელსაც საქართველოს მოსახლეობა რუსთაველის გამზირზე და საქართველოს არაერთ ქალაქში გამოვიდა, მშვიდობიანად, თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად, რაც უკავშირდება ქვეყნის ევროპულ, უსაფრთხო, შესაძლებლობებით აღსავსე მომავლის შექმნას. შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც ჩვენი ემიგრაციის მეშვეობით. ვიხილეთ ყველა პროფესიის წარმომადგენელთა მსვლელობები, განსაკუთრებით ემოციური იყო ხორუმით ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩვენება. აღნიშნული უძველესი ქართული ცეკვა ერთობისა და გამარჯვების სიმბოლოა. სწორედ ერთობით და ჩვენი უნიკალური ტრადიციების, კულტურის დემონსტრირებით გვსურს ევროპულ ოჯახს დავუბრუნდეთ. თუმცა, ამავდროულად, გეოპოლიტიკური მოცემულობა, რეალობა გვკარნახობს არა პროცესის შეჩერებას, არამედ პროაქტიულად საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრიორიტეტების შესრულებას. არადემოკრატიული გადაწყვეტილებები გეოპოლიტიკური შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს, რომლისთვისაც ბევრი ვიბრძოლეთ და დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. დემოკრატიული სისტემის შექმნაა ევროკავშირში წევრობის წინაპირობა.
უმძიმესი იყო იმის ხილვა, თუ როგორ ძალადობდნენ ახალგაზრდებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებიც სამართლიან, მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობდნენ. ეს პროცესი არსებითად ხელყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და განვითარებას. დეესკალაციისათვის აუცილებელია თბილისსა და სხვა ქალაქებში გამოსული ხალხის ხმას მოვუსმინოთ და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ინკლუზიური დიალოგის დასაწყებად მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. დიალოგის შედეგად კი ახალი ს დანიშვნა და ჩატარება საქართველოს მისცემს საშუალებას კონსტიტუციურ საგარეო პოლიტიკურ კურსს დაუბრუნდეს. პროცესის ამ გზით წარმართვა გულისხმობს როგორც ქვეყნის პოლიტიკური, სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური სისტემის გადარჩენას. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ დასავლური ინსტიტუტებისგან იზოლირებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება როგორც ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესის სათანადოდ გაანალიზება და მშვიდობიანად, დიალოგით, ახალი არჩევნებით კრიზისის დაძლევა.
2024 წელს რუსთაველზე ახალი საქართველოს დაბადება და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა
2024 წელს რუსთაველზე ახალი საქართველო დაიბადა, რაც ჩვენი ევროპული მომავლისათვის მნიშვნელოვანი საფუძველია. გულანთებულ საქართველოს მოქალაქეებს კარგად ესმით ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა ისტორიული, საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს მის სტრატეგიულ დანიშნულებას.
ევროპული ინტეგრაციის 74-წლიანმა პერიოდმა აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იდეამ გაამართლა. ევროპულმა სახელმწიფოებმა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ინტეგრაციის საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. ამიტომაცაა ევროკავშირი გამორჩეული სხვა გაერთიანებებისგან. ევროკავშირის ზენაციონალური ელემენტები განაპირობებენ ორგანიზაციის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების როლისა და კომპეტენციის ისე განსაზღვრას, რომ მათ ხელი შეუწყონ, ერთი მხრივ, ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავებას და, მეორე მხრივ, მის ეფექტიან იმპლემენტაციას.
ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში.
ევროინტეგრაციის ისტორიის ანალიზის შედეგად თვალსაჩინოა, რომ გაერთიანებული ევროპის იდეა გულისხმობს მშვიდობას, უსაფრთხოებას, განვითარების რეალური შესაძლებლობების შექმნას და, რასაკვირველია, მრავალფეროვნების, ევროპული ქვეყნების იდენტობის პატივისცემას, დაცვას.
ევროპულმა გაერთიანებამ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციით შეძლო მაღალი ევროპული სტანდარტების განვითარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. შესაბამისად, ამ სისტემის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებში იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც გულისხმობენ ინდივიდის პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებების დაცვას. ევროპულ სახელმწიფოებს ინსტიტუციურად გათვითცნობიერებული აქვთ თავიანთი ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე. მით უფრო იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე იმავდროულად ევროკავშირის მოქალაქეა, რაც ნიშნავს წვდომას ევროპულ განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ევროკავშირის ბაზარსა და ყველა იმ საკვანძო მიმართულებაზე, რომლებიც განსაზღვრავენ მოქალაქის უკეთეს მომავალს. ასევე, ეს პროცესი განაპირობებს 4 ფუნდამენტური თავისუფლების (ადამიანის, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების) იმპლემენტაციას ერთიანი ევროპული სივრცის ფარგლებში.
საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროკავშირის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას ნიშნავს, რაც ევროპული შესაძლებლობების ფანჯრის სრულფასოვან გაღებაზე მიანიშნებს. ეს კი საკუთარი მიზნების განხორციელების საუკეთესო, დემოკრატიული, დაცული, სტაბილური საშუალებაა. ის მოიცავს ევროპული გაერთიანების ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის პროფესიული განვითარების თუ ბიზნეს გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებებით. ამასთანავე, ეს გულისხმობს თითოეული ჩვენგანის კანონიერი ინტერესის უზრუნველყოფის ქმედითი ინსტრუმენტების არსებობას და, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის სრული დაცვით, მათზე ხელმისაწვდომობას. სწორედ სამართლის უზენაესობის პატივისცემაა აუცილებელი მოქალაქის უფლებების სათანადოდ რეალიზებისათვის და ამ მიმართულებით მთელი რიგი გარანტიების შექმნისათვის. კერძოდ, ევროპული სტანდარტების თანახმად, დამსაქმებელმა უნდა დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები, ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს გაწეული, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ღირსეული ანაზღაურება. დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებები მათი განვითარების ყველა საფეხურზე. ყველა მოწყვლად ჯგუფს უნდა გააჩნდეს მათი უფლებების დაცვის შესაბამისი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები. გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებელთა ინტერესები. საჯარო სამსახურს მდგრადი განვითარების სათანადო პირობები უნდა გააჩნდეს და მოხელის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი პროგრამები უნდა ვითარდებოდეს. ეკონომიკა თავისუფალ საბაზრო პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს ფერმერების მხარდამჭერი ინიციატივები, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზრის ათვისება. რეგიონების თანამედროვე, ევროპული ინფრასტრუქტურით აღჭურვისათვის უნდა შემუშავდეს მთელი რიგი ინიციატივები, რაც „ევროპული სოფლების“ კონცეფციის განვითარებისათვის აუცილებელია და საჭიროა ადგილობრივი წარმოებისათვის. ამდენად, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე მისი მრავალგანზომილებიანი ბუნებაც მეტყველებს, რომელიც ქმნის ფუნდამენტს თითოეული ჩვენგანის ინტერესის გასათვალისწინებლად და კეთილდღეობის სივრცის ისე გასავითარებლად, რომ ადამიანის ღირსება იყოს დაცული.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჭრილში კი უნდა ითქვას, რომ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გაერთიანებებს საერთო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით შესაბამისი მექანიზმები გააჩნიათ. ეს კი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობას, რადგან ეს პროცესი გვაძლევს შესაძლებლობას, პარტნიორების მხარდაჭერით, განვავითაროთ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ისე, რომ ეფექტიანად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და საკუთარი როლის, ფუნქციის მეტად გამოკვეთით ეროვნული ინტერესები დავიცვათ.
დღეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის მეტი რეალური ინსტრუმენტი სჭირდება. ეკონომიკური თვალსაზრისით ამისათვის ახალი, ფართომასშტაბიანი პროექტების ინიცირება და განხორციელებაა აუცილებელი, ხოლო პოლიტიკურ კონტექსტში მხოლოდ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩართულობა საკმარისი არ არის, საჭიროა წარმოადგენდე ერთ-ერთ იმ სუბიექტს, რომლის პოზიციას პირდაპირი გავლენა ექნება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი რეგიონალური გაერთიანებაა, ის გავლენას ახდენს გლობალურ პროცესებზე. მეტიც, ყოველდღიურად იზრდება მისი როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში უნივერსალურ დონეზე. ევროკავშირის წევრობა კი ნიშნავს იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სრულფასოვან მოთამაშედ ჩართვას, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონალურ პოლიტიკას და გავლენას ახდენენ გლობალურ პროცესებზე. ეს მთლიანად შეცვლის ჩვენს საგარეო პოლიტიკურ უწყებას როგორც შინაარსობრივად, ასევე სტრუქტურულად და ხელს შეუწყობს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ახალი ფუნქციების გამოკვეთას. განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოსათვის აუცილებელია რეალური დიპლომატიური ინსტრუმენტების განვითარება პროცესების შედარებით უმტკივნეულოდ წარმართვისათვის.
კანდიდატობიდან წევრობამდე შეჩერებული გზა – „ასოცირების შეთანხმება“ არ უთანაბრდება ევროკავშირში წევრობის პროცესს
2022 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა, ხოლო 2023 წელს ევროპულმა საბჭომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. 2024 წელს ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა მიგვემართა წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ, თუმცა განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და აღინიშნა, რომ საქართველო „ასოცირების შეთანხმების“ ფარგლებში გააგრძელებს მოქმედებას. აღნიშნულ დოკუმენტში არ არსებობს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ჩანაწერი. ქრონოლოგიურადაც რომ მივყვეთ საკითხის ანალიზსს, „ასოცირების შეთანხმებას“ 2014 წელს მოეწერა ხელი, ხოლო ევროპული პერსპექტივა 2022 წელს მივიღეთ. მეტიც, „ასოცირების შეთანხმება“ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშავეს პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისათვის. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში წევრობას. წევრობისათვის აუცილებელი პირობაა კანდიდატმა სახელმწიფომ ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც გულისხმობს 35 სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას. ეს პროცესი, მთლიანობაში, 6 ჯგუფად იყოფა. პირველი ჯგუფი ფუნდამენტურ საკითხებს აერთიანებს და ხდება იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეძლო ქვეყანამ საკანონმდებლო და ინსტიტუციური თვალსაზრისით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებების დასაცავად შესაბამისი ინსტრუმენტების განვითარება. ასევე, მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, აღნიშნული რეფორმა გულისხმობს საჯარო სამსახურში მოხელეთა პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩევასა და დამსახურების მიხედვით დაწინაურების მექანიზმის უზრუნველყოფას, რაც გამორიცხავს ნეპოტიზმს და ქმნის განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს. ეს კი პირდაპირ დაკავშირებულია საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობასთან. მეორე ჯგუფი ეხება პროდუქციის თავისუფალ გადაადგილებას, ინტელექტუალურ საკუთრებას, დასაქმებულთა უფლებებსა და შიდა ბაზართან დაკავშირებულ სხვა თემებს. მესამე ჯგუფი დაკავშირებულია მონეტარულ პოლიტიკასთან, გადასახადებთან, სოციალურ პოლიტიკასთან, განათლებასთან და იმ სხვა სფეროებთან, რომლებიც ეხება კონკურენციას, ინკლუზიურ ზრდას. მე-4 ჯგუფი – მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები მოიცავს კლიმატის ცვლილებებს, ტრანსპორტს, ენერგეტიკას. მე-5 ჯგუფი ორიენტირებულია აგრარული სფეროს განვითარებასა და საკვების უსაფრთხოებაზე. მე-6 ჯგუფი აერთიანებს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.
წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში განსაზღვრული თემები მკაფიო დასტურია იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მოიცავს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლის სისტემის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა საკვანძო მიმართულებას. ევროკავშირის მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ კრიტერიუმებთან შესაბამისობა კი განაპირობებს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებულ ევროპულ გაერთიანებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.
დასკვნა
საქართველოს იდეა უკვდავია, მისი ევროპული მომავალი კი გარდაუვალია. დღეს ჩვენი სამშობლოს ახალი ისტორია იწერება და თითოეულ ჩვენგანს მართებს დაფიქრება საკუთარ როლთან, პასუხისმგებლობასთან მიმართებით. ჩვენ მცირე სახელმწიფო ვართ, არ გვაქვს გახლეჩის, დაყოფის უფლება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გვაერთიანებდნენ. წინ, ხორუმით, ერთობით, ევროკავშირისკენ, ჩვენი სტრატეგიული და ცივილიზაციური არჩევანისკენ!