ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას – ილჰამ ალიევს შეხვდა

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.
“ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე და ამ კუთხით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლზე, რომლის მორიგი სხდომა საქართველოში უახლოეს მომავალში გაიმართება.
შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, რაც რეგიონული სტაბილურობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობას მდგომარეობის დეესკალაციისა და მშვიდობის აღდგენისთვის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში 6 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 5 აპრილს, ივანიშვილის რეჟიმმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი “სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის” ქვეყნიდან გააძევა. აზერბაიჯანი სადიგოვის გადაცემას 2024 წლიდან ითხოვდა.
აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 აპრილს, ღამით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ გაავრცელა.
სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
6 აპრილს ცოლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს.
“ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა და არ ვიცი ზუსტად სად გადაიყვანეს.
გუშინ ის საქართველოდან აზერბაიჯანში გააძევეს, რაც, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.” – წერს სადიგოვის ცოლი სოციალურ ქსელში.