„ხაზინიდან რომ ირიცხება სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირების ხელფასები, მათთვის როგორ აპირებენ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას?“- გიორგი კეპულაძე სანქცირებულ მაღალჩინოსნებზე

„ხაზინიდან რომ ირიცხება სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირების ხელფასები, მათთვის როგორ აპირებენ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას?“- გიორგი კეპულაძე სანქცირებულ მაღალჩინოსნებზე
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებას პასუხობს.
გიორგი კაკაურიძის თქმით, საბანკო სექტორი თავისი პროცედურების მიხედვით უზრუნველყოფს სანქციების აღსრულებას და კონკრეტული ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს.
გიორგი კეპულაძისთვის ეს განცხადება გაუგებარია, რადგან სანქცირებული პირები არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან, არამედ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირები, რომელთა ხელფასებიც ეროვნული ხაზინიდან ირიცხება.
„გიორგი კაკაურიძე კი ამბობს, სანქციები ბანკების შესასრულებელიაო, მაგრამ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირებისთვის ხელფასის გადახდას როგორ აპირებენ? ხაზინიდან რომ ირიცხება სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირების ხელფასები, მათთვის როგორ აპირებენ საბანკო ანგარიშზე ხელფასის ჩარიცხვას, რომელიც შეიძლება აღარ არსებობდეს, ან უბრალოდ დაიბლოკოს?
მთავრობაში ხელები დაიბანეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ბანკების შესასრულებელია სანქციებიო.
ბანკები შეასრულებენ ამ სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული წელი ჰქონდათ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური გამოწვევები განსაკუთრებით მსხვილი ბანკებისთვის პრობლემურია“, – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი.
კეპულაძემ სექტემბრის მონაცემებით, წლევანდელი მდგომარეობაც შეაფასა. მისი თქმით, კომერციული ბანკები კრიზისულ სიტუაციებს გაუმკლავდნენ. მთავარი გამოწვევა კვლავ მაღალი პროცენტებია, თუმცა ამ კუთხით მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება.
,,საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო, რადგან ისინი სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებთან ახერხებენ ადაპტირებას, რაც აჩვენეს და რაც პრინციპულადაც კარგია ეკონომიკისთვის.
რა თქმა უნდა, კვლავ გასაუმჯობესებელია გარკვეული მიმართულებები, მაგრამ განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით უფრო მეტს ვისურვებდი. მთავარი შენიშვნა რაც არის კომერციული ბანკების მიმართ ეს არის პროცენტები სესხებზე, თუმცა ეს სამწუხაროდ, მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული ეს არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არის ტენდენცია ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთის კლების და იმედია, დაბალი ინფლაციის ფონზე ეს მომავალში გაგრძელდება, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ დამოუკიდებლად ვერ განვიხილავთ, ვერც ერთ ეკონომიკურ პროცესს პოლიტიკისგან დამოუკიდებლად. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება წინ, რომელიც გადაწყვეტს ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ მომავალს“,- ამბობს კეპულაძე.