„ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვა, რომ ხორბლის მოწოდების კუთხით პრობლემები არაა“ – ლევან სილაგავა

„დღეს პროცესები სტანდარტულად მიმდინარეობს, გვაქვს გარდამავალი ორთვიანი მარაგები, გვაქვს შემოტანები და ახალი კონტრაქტები, ამიტომ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორბლის მოწოდების კუთხით ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემები არ არის“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა.
ლევან სილაგავას თქმით, მარაგების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ სექტორი მარაგის გახარჯვას ელოდება. არამედ მოქმედებს სამკომპონენტიანი უწყვეტი მომარაგების სქემა: წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად – გზაში მომავალი ხორბალი – ახალი ხორბლის პარტიის შესაძენად კონტრაქტის დადება.
„ეს არის უწყვეტი ჯაჭვი, ეს უწყვეტობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რომელიც დაყრდნობილია გაეროს რეკომენდაციაზე და ეს სქემა მიჩნეულია ოქროს სტანდარტად. აღნიშნული სქემა ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ მშვიდად, ნებისმიერი ქვეყნიდან ასეთი სქემით შემოტანილი ხორბალი არის გარანტია იმისა, რომ თუ შეწყდა ხორბლის მოწოდება ალტერნატიულ ბაზარზე გადასასვლელად დრო იყოს. თუ ვერ მოხდა ხორბლის მოწოდება და ვერ დავდეთ ახალი კონტრაქტი, ამ შემთხვევაში ხდება სხვა ბაზრებზე გადართვა და ეს არის ყაზახეთი, ევროკავშირის ბაზრები და “ – აღნიშნა ლევან სილაგავამ.
სილაგავას თქმით, სასურსათო უსაფრთხოების ამომავალი წერტილი წისქვილ-კომბინატების მუშაობაა, რადგან სხვა შემთხვევაში ფქვილის იმპორტის დროს სამკომპონენტიანი სქემა არ მუშაობს, არის პირდაპირი მიწოდება.
„პირდაპირი მიწოდების შემთხვევაში არსებობს რისკები, ფქვილის შემოტანისას ის პირდაპირ პურის ქარხანაში მიდის და შესაბამისად მხოლოდ 20 დღიანი მარაგი იქმნება “ – აღნიშნა ლევან სილაგავამ.