ხაზარაძის თქმით, ის და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს დღეს, 27 მარტს

“ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ის და მისი თანაგუნდელი, ბადრი ჯაფარიძე დღეს, 27 მარტს სასამართლოში დაიბარეს. საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმას.
მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უარი თქვეს კომისიის კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე, ისინი პროკურატურამ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. ხაზარაძემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მზად არის უპასუხოს მაგისტრი მოსამართის კითხვებს.
“მომივიდა ინფორმაცია, როგორც არასდროს, ის ოპერატიულად – ნეტა ასეთი ოპერატიულობით თუნდაც იმ ბატონის საქმე გამოძიებით, რომელიც 14 წელი ეძებს სამართალს, ამ ხელისუფლების დროს, ბატონ ლეონიძეზე მაქვს საუბარი – იგივე მოსამართლეები, რომლებმაც მას მიუსაჯეს და ახლა ამათ დაწინაურებულები ჰყავთ, ჩვენ დღეს ჩაგვინიშნეს სასამართლო. ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა გამოვცხადდებით სასამართლოში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, გავარჩიოთ იქ”, – განაცხადა მ.
ის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს პოლიტიზებაში, მზად არის ნებისმიერი ბრალდება გაარჩიოს “ივანიშვილის სასამართლოში”.
“თქვენ იცით, რომ ჩვენს მიმართ 4 წლის განმავლობაში იყო აბსურდული ბრალდება, ეს არის ფულის გათეთრების ბრალდება. მიუხედავად იმისა, რომ ს, მურუსიძის სასამართლო ატარებდა ამ ყველაფერს და ის პროკურორები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროსაც იყვნენ პროკურორები, ის მოსამართლეები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროსაც იყვნენ მოსამართლეები, ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი სასამართლოში სიარულზე, არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ. ამიტომ, ჩვენი არ მისვლა ამ მართლა საცირკო სანახაობაში, რომელსაც ქალბატნი ხელმძღვანელობს, აქვს სერიოზული არგუმენტი. ესაა ჩვენი პოლიტიკური ხედვა – ჩვენ პარლამენტს არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად. ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა მანდატები, არ ეთანამშრომლება ამ პარლამენტს და უფრო მეტიც, მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასკვნა სადაც ეს პარლამენტი იქნება ჩათვლილი ლეგიტიმურად. ამავე დროს, ვამბობთ – მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და სასამართლო სრულად ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება, მზად ვართ მისივე სასამართლოში ნებისმიერი ბრალდება, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ნებისმიერი – მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული … – მზად ვართ არგუმენტირებულად, სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ მოვდივართ და პასუხს არ გავცემთ. არა. ჩვენ ყველა ამ კითხვას, რომელიც არსებობს, აუცილებლად პასუხს გავცემთ სასამართლოში. რატომ? იმიტომ, რომ მე ვცემ პატივს საზოგადოებას, ჩემ განვლილ ცხოვრებას და ბადრის [ჯაფარიძის] განვლილ ცხოვრებას და არაფერი დასამალი, მით უმეტეს, დასაყვედრებელი, მით უმეტეს თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია”, – განაცხადა მ.
“ქართული ცნების” საგამოძიებო კომისიაში, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიაზე ხაზარაძე და ჯაფარიძე 24 მარტს დაიბარეს. “ოცნებამ” კომისიის სხდომაში მონაწილეობა სავალდებულოდ განსაზღვრა. მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.
მეორე დღეს, 25 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კომისიაზე “მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ!”. მომდევნო დღეს, 26 მარტს ის პროკურატურამ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.