“ლელო – ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება კოალიციის გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
“მინდა გამოვეხმაურო “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება. ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ! ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე. აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!”, – წერს ხაზარაძე.
მისი თქმით, არ იმყოფება საქართველოში და უფრო დეტალურ განმარტებას ქვეტაბაშ დაბრყნების შემდეგ გაკეთებს.
გუშინ, 2 ივნისს, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ “თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები”. ასევე, მან თქვა, რომ “თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი”.
ამ განცხადებებმა ეჭვი, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო” აპირებს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რის გამოც მათ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურეს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ მსგავსი განცხადება გააკეთა პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამაც. პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ემზადებიან “ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის”.
