ხაზარაძე-ჯაფარიძეს დიდი საქმეები აქვთ გაკეთებული… საქმე დაკავებამდე არ უნდა მისულიყო – ინტერვიუ

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება უარყოფითად აისახება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენების განწყობაზე და მთლიანობაში, საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე. “ქვეყნის ეკონომიკა დგას მსხვილ, წვრილ თუ საშუალო ბიზნესზე და როცა ბიზნესს ეხება საქმე, ძალიან სათუთად უნდა მოპყრობა… როცა ქვეყანაში ყველაფრის გულისთვის შეძლება დაგაკავონ, ეს ძალიან სახიფათოა ბიზნესისთვის და ქვეყნის მომავლისთვისაც”, – ამბობს ცეზარ ჩოჩელი. ოპოზიციური ლიდერების დაკავებასა და მის გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე ბიზნესმენს BMG ესაუბრა.
– რატომ დგამს „ოცნება“ ამ ნაბიჯებს და რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამ პროცესმა ქვეყანა?
– საკმაოდ რთული კითხვაა, რომელსაც საკუთარ თავსაც ხშირად ვუსვამ… არ მესმის, როცა შესაძლებელი იყო, [საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო], სასამართლოს ჯარიმა გამოეყენებინა, რატომ მიმართა უმკაცრეს ზომას – პატიმრობას?! ვფიქრობ, მსგავსი სახის დაკავებები ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. სა და ბადრი ჯაფარიძესთან თითქმის 30 წელია ვმეგობრობ და ძალიან დიდი და ეროვნული საქმეები აქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული. საქმე დაკავებამდე ნამდვილად არ უნდა მისულიყო. 1997 წლიდან, ჩემი ბიზნესსაქმიანობა დაკავშირებული იყო „ ბანკთან“. 1991-1992 წლებში, ჩვენ ერთად დავიწყეთ ბიზნესი – მათ საბანკო სფეროში, ჩვენმა ჯგუფმა – წარმოებაში და იქიდან მოყოლებული, მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით ერთმანეთთან. საქართველო არაა იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობდეთ და ერთმანეთს არ ვჭირდებოდეთ.
– მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას, ჯერჯერობით, ბევრი მსხვილი ბიზნესმენი არ გამოხმაურებია. როგორ ფიქრობთ, რატომ?
– პირველი პრობლემა როცა შეექმნათ მამუკას და ბადრი [იგულისხმება ე.წ. ფულის გათეთრების საქმე], მაშინაც კი არ გაკეთებულა ნორმალური განცხადება… თქვენ გახსოვთ, ვინმეს სერიოზული თანადგომა გამოეცხადებინოს?! არადა, ძალიან ბევრი ბიზნესი და ბიზნესმენი მჭიდროდ არის დაკავშირებული მამუკასთან და ბადრისთან და მათ მიერ შექმნილ „თიბისი ბანკთან“… აქამდე მივედით ზუსტად იმიტომ, რომ ერთმანეთის მიმართ ნაკლები თანაგრძნობა გვაქვს და გვგონია, რომ „სხვისი პრობლემა ჩემი პრობლემა არ არის“ და ვცხოვრობთ დღევანდელი დღით. ბიზნესმენებს სჭირდება გარანტირებული და სტაბილური გარემო, რომ აქ ბიზნესი განვითარდეს. ბიზნესს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება საშიშია.
– გვექნება ასეთი ბიზნესგარემო თუ მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა ჩუმად იქნება?
– ხშირად ამბობენ – „ბიზნესი და პოლიტიკა ცალ-ცალკე უნდა იყოსო“… არადა ბიზნესი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და როცა სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლების უდიდესი ნაწილი ივსება ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებით, როგორ შეიძლება, ბიზნესმენები სახელმწიფოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებისგან, პოლიტიკისგან ცალკე დადგნენ?! აქედან გამომდინარე, სტაბილურობა მართლწესრიგი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა არ გაგვიჩნდება, არაფერი გამოვა. ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას, რომლის ნაწილი ვართ ბიზნესმენებიც, სასულიერო პირებიც, სამართალდამცეველებიც და ყველა. თუ ერთმანეთს პატივს არ ვცემთ, მუდმივად ქაოსში ვიქნებით… დღეს შეიძლება, ვიღაცა გულს იფხანს, რომ მეორე ადამიანი შეავიწროვეს ან დააკავეს, მაგრამ ყველაფერი ბრუნვადია და დღეს თუ ერთი იჩაგრება, ხვალ მეორე დაიჩაგრება, ზეგ – მესამე… დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთიანობასა და საერთო ღირებულებების გარშემო კონსოლიდაციას.