ხაზარაძე: საქართველოს ბიუჯეტში ბიძინა ივანიშვილზე მეტი გადასახადი მაქვს შეტანილი

პარტია „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ მას და მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს საქართველოს ბიუჯეტისთვის იმაზე მეტი გადასახადი აქვთ გადახდილი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.
ხაზარაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ თუ მას ივანიშვილი არ ეთანხმება, შეუძლია გამოაქვეყნოს მონაცემები წლების განმავლობაში მის მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ და შემდეგ თვითონაც გააკეთებს იმავეს.
„მე ერთ-ერთი მსხვილი [გადასახადების] გადამხდელი ვარ ამ ქვეყანაში და ჩემი დაფუძნებული კომპანიები ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელები არიან. პირდაპირ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს. თუ არ მეთანხმება, გამოიტანოს და თქვას, რამდენი აქვს თავად გადახდილი ბიუჯეტში, მერე მე გამოვიტან და ვანახებ რამდენი მაქვს ბიუჯეტში გადახდილი. ამაშია საქმე.
ეს მითი, რომ, სადღაც ღრუბლებშია , ეს უნდა დამთავრდეს და პრაქტიკულად უნდა ვილაპარაკოთ. რომ ამოუჩემებიათ ქველმოქმედებაო, ბიუჯეტი თუ გაყვლიფე, ასე ყველა იქნება ქველმოქმედი. რუსეთში რომ ფულს აკეთებ და აქ რომ რუსულ პოლიტიკაში დებ, ეს არის პრობლემა. ეს ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამას მე ვლაპარაკობ არა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არამედ, როგორც ერთი რიგითი ქართველი.
როგორც ერთი რიგითი ქართველი ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, რამდენი ადამიანი გყავს დასაქმებული ამ ქვეყანაში, შემდეგ მე გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული, რამდენი მაქვს ბიუჯეტში შეტანილი, რასაც შენს მიერ დანიშნული ადამიანები ჯიბეში იდებენ,“ — თქვა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველთან“