თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ძლიერი საქართველოს ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება მათ მიერ ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაწყებულ გამოძიებას.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, რომელიც ლიდერებმა უკვე გადაიხადეს.
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ დღევანდელი სხდომიდან “ყველანაირი მოლოდინი აქვს” და აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.
“რა მოლოდინი უნდა მქონდეს ახლა იმ სასამართლოს მიმართ, რომელსაც არ აქვს მთავარი – სამართლიანობის განცდა. ამიტომ, მოლოდინი არის ყველანაირი, იცით, რომ მე ამ ნაბიჯზე წავედი შეგნებულად, არ გამოვცხადდი და პროტესტი გამოვუცხადე პარლამენტის ე.წ. კომისიას, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, შესაბამისად, ამ პოზიციას ჩვენ გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე შევიდე უფრო სწრაფად ციხეში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა – როცა მოვა ეს დრო, დაე, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ პროტესტი გაგრძელდეს ყველა ფრონტზე – ეს იქნება სასამართლო დარბაზი, საარჩევნო ყუთი, ქუჩა თუ ა.შ”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
