ხაზარაძე ელისაშვილზე: არანაირი შეერთება არ მომხდარა, ის კონფლიქტი ამოწურულია

პარტია ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ალეკო ელისაშვილთან საარჩევნოდ გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიუღიათ და მასთან ერთად სურათის გამოქვეყნება მხოლოდ “კონფლიქტის ამოწურვას” ნიშნავდა.

“გადაწყვეტილება ოფიციალურად არ მიგვიღია, ეს არის მსჯელობის საკითხი, არანაირი შეერთება არ მომხდარა, მე რამდენიმე ეთერში დავადასტურე ეს. ამაზე იმსჯელებს ჩვენი ახლად შექმნილი პლატფორმა და თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ამის შესახებ თქვენც მოგახსენებთ…
ადამიანს რომ ელაპარაკო საქმეზე, ჯერ უნდა ჩამოართვა ხელი, რომ დაივიწყო წარსული, თუ რამე წყენა იყო. თან წარსული დაივიწყო, თან შერიგდით, თან მეორე დღეს თქვა, რომ უკვე პარტნიორები ვართ – ასე არ ხდება. ჩვენ ჩამოვართვით ხელი, ვთქვით, რომ არის სერიოზული გამოწვევა საქართველოს მხრიდან და ყველა იმ ძალამ, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, უნდა მოახერხოს პიროვნული წყენებისთვის წერტილის დასმა. საკითხი ასე რომ არ დამდგარიყო, შეიძლება სხვანაირი გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ვხედავ საჭიროებას.” – ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძის განმარტებით, მას და ელისაშვილს არ ჰქონიათ “რაღაც სახელმწიფოებრივ საკითხებზე განსხვავებული აზრები” და “ეს იყო პირადი ურთიერთობა”.

23 ივლისს მ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – “ძლიერი საქართველოსთვის”.
“პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თუ რამე იქნება მიღწეული, ამის შესახებ ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ ახლად დაფუძნებულ პლატფორმაზე. რაც შეეხება ეს წყენის დავიწყება იყო, ხელის ჩამორთმევა უბრალოდ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის კონფლიქტი ამოწურულია და მე მივესალმები ყველას, ვინც ამოწურავს კონფლიქტს. იმიტომ, რომ მშვიდობა, მიტევება და ქრისტიანული მიდგომა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როდესაც ქვეყნის საკითხებზეა საუბარი.” – თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა პალიტრანიუსის ეთერში, 26 ივლისს.