„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანის გამოკითხვას მოითხოვენ, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეა.
პარტიის ცნობით, შესაბამისი წერილი, წულუკიანის სახელზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა „ქართული ოცნების“ პარლამენტში უკვე შეიტანეს.
„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს“, – აცხადებენ პარტიაში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელიც თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა შემდეგ მისი მანდატი გაფართოვდა და ახლა იქ პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანის დაბარებაა შესაძლებელი, ვისაც “ოცნება” ჩათვლის საჭიროდ. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანია.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა, სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდათ.
· წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
· წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
· “ცდილობდნენ ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე” – მაკო გომური წულუკიანი-გახარიას კამათზე 20 ივნისის შესახებ
