ხაზარაძე: დამიკავშირდნენ პროკურატურიდან, მოწმის სტატუსით მობრძანდითო, დაკავება უნდათ

ძლიერი საქართველოს ლიდერი წერს, რომ პროკურატურიდან მოწმის სტატუსით მისვლასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ. საუბარია პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.
ხაზარაძე ვარაუდობს, რომ მისი დაკავება უნდათ და აცხადებს, რომ მზადაა მაგისტრ მოსამართლესთან მისასვლელად.
“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ”- წერს ის.
26 მარტს პროკურატურამ არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო.