ხაზარაძე ბიზნესების სანქცირებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის შემდეგ, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბიზნესსტრუქტურების სანქცირებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს.
მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ -ში ვიზიტის დროს შეხვედრებზე ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ.
ის განმარტავს, რომ კონკრეტული ბიზნესსტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში. მისივე თქმით, უცვლელია მათი პოზიცია, რომ – რუსული რეჟიმის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ.
“მათთვის, ვინც ჩემს გუშინდელ ინტერვიუს უყურა და სხვაგვარი ინტერპრეტირება გააკეთა – ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში (ეს ვთქვი გუშინ).
საუბარია ათობით ათას ადამიანზე, ეს ხალხი მუშაობს და ქმნის ყოველდღიურად დოვლათს, იღებენ გასამრჯელოს და არჩენენ ოჯახს.
სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ს შესაბამისი სტრუქტურები. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ, ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი.
აქვე, ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს – ნუ ჩაჰყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში.
როცა ჩემი და ბადრის წინააღმდეგ ბიძინამ და მისმა ყურმოჭრილმა პროკურატურამ შეტევა დაიწყო, საქმის აღძვრამდე მე და ბადრიმ დავტოვეთ ყველა ბიზნესსტრუქტურა და თანამდებობა, დავტოვეთ კომპანიები და ამით გადავარჩინეთ ათასობით თანაგუნდელის სამუშაო ადგილი, ჩვენი ბიზნესპარტნიორები ბევრ პრობლემას და პროექტების დახურვას.
თქვენი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს თქვენი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს.
გაემიჯნეთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გადაარჩინეთ ათასობით თქვენი თანამშრომელი სამუშაოს დაკარგვას.
რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას თავისი ფასი აქვს და მძიმე შედეგები მოჰყვება!”, – წერს ის.