ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მაგათი ციხის არ ეშინიათ – ელისაშვილი „ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ეხმაურება „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გამოძახებას – მათი უარის შემდეგ, კომისია პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. ელისაშვილი აცხადებს, რომ მას და მის თანაპარტიელებს დაპატიმრების არ ეშინიათ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, ს ინიციატივაა, ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად პროკურატურას მიმართონ.
ხაზარაძემ 25 მარტს უარი განაცხადა კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე. იგივე პოზიცია აქვს ბადრი ჯაფარიძესაც.
„ჰგონიათ შეგვაშინებენ, ბადრი და მამუკა რომ არ მივიდნენ… არავის არც მაგათი ციხის არ ეშინია, არც მაგათი დაჭერის არ ეშინია, არც ს, არც ბადრი ჯაფარიძეს, არც მე და არც არავის“, – განაცხადა ჯაფარიძისა და ხაზარაძის თანაგუნდელმა ალეკო ელისაშვილმა 25 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ალეკო ელისაშვილი, თავის მხრივ, ბრალდებულია – მას ედავებიან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, ალი ბაბაევის „ფიზიკურ და სიტყვიერ შეურახყოფას“ – 2024 წლის 2 დეკემბრის საქმეს. ელისაშვილს გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი თქმით, ამ საქმის ფარგლებში მომდევნო სასამართლო სხდომა პირველ აპრილს არის დანიშნული: „მეც დამიჭირონ. აგერ მეც პირველ აპრილს მაქვს საქმის განხილვა, – საინტერესო ხუმრობა აქვს სასამართლოს“.
„ხომ ვიცით, რაშიც ვმონაწილეობთ – ვიცით, რომ ამ რეპრესიების წინაშე ყველანი თანაბარი ვართ და არავის პრივილეგია არ გვაქვს… ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ეგონათ, წულუკიანი რომ იტყოდა, მუშტს რომ დაარტყამდა, [შეგვეშინდებოდა]… დაგვიჭირონ მერე, ჰა. მიდით. რა პრობლემაა. მერე? მაგრამ იმ სამარცხვინო რაღაცაში მონაწილეობას არ ვაპირებთ“, – თქვა ელისაშვილმა.
მანამდე მამუკა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განაცხადეს, არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო კომისიაში და მას ცირკი უწოდეს.
„მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!.. აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ“, – დაწერა მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე.
დღევანდელ სხდომაზე წულუკიანმა თქვა, რომ ჯაფარიძე კვლავ იყო მიწვეული კომისიის სხდომაზე, „იმედი გვაქვს, ის გამოცხადდება დღეს“, თუმცა ჯაფარიძე პარლამენტში არ მივიდა.
„მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩემი გაშავება“, – დაწერა ბადრი ჯაფარიძემ ფეისბუკზე.
25 მარტს საგამოძიებო კომისიაში განიხილავდნენ შპს „მაგნატის“ საქმეს და ესაუბრებოდნენ ამ კომპანიის მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს.
· ის წინა ხელისუფლების დროს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „მაგნატს“ ფლობდა.
· ჯემალ ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება;
· მისი თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო მამუკა ხაზარაძეც.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა. კომისია, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის სიტყვებით, შეისწავლის:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
· მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში.
ფორუმი