კახა კალაძე მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმას აგრძელებს და ამბობს, რომ “საზოგადოებამ კარგად იცის, როგორი წარსული აქვს მას”.
დედაქალაქის მერმა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გუშინდელ ვიდეოსა და განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, „ლელოს“ ლიდერი თბილისის მერს სასამართლოში უჩივის. კალაძეს არ გაუცია პასუხი შეკითხვისთვის, აპირებს თუ არა მისვლას სასამართლოზე.
„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა. ყველამ ხომ კარგად იცის, რომელი ვიდეოა? აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრა და მხოლოდ პირველი განათავსა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, – ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის გუშინდელ მთავრობის სხდომაზე კალაძემ ლელოს “ხანდაზმული თაღლითები” უწოდა და ამტკიცებდა, რომ მამუკა ხაზარაძე ენმ-ის ხელისუფლების დროს, “პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო”
პასუხად, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ის ვიდეო განათავსა, სადაც ამჟამად თბილისის მერი და მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი კალაძე, მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს. გარდა ამისა, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ხაზარაძე კალაძეს სასამართლოშიც უჩივის. სარჩელი მომზადების პროცესშია.