ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, კალაძის განცხადება ხაზარაძეზე არის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება.
“ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც არის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება. ჩვენ შეგვაქვს სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით და ვთხოვთ სასამართლოს, რომ კალაძეს დაავალოს ამ ცნობების უარყოფა.
ამ ბოლო დროს სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკაშირებით, ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა უცნაური პრაქტიკა დამკვიდრდა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე საფუძველი იყოს არ მიღების. სახეზე არის ყალბი ცნობების გავრცელება, შესაბამისად, სახეზე არის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას და დანარჩენი, დაველოდოთ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას” – თქვა ხაზარაძის ადვოკატმა.
17 იანვარს თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მამუკა ხაზარაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ბინძურ საქმეებს აკეთებდა, ხალხს აუბედურებდა და მათ ბიზნესებს ართმევდა.
“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ყველა პოლიტიკოსი და პარტია რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს. იგივე, ხანდაზმული თაღლითების პარტიის ლიდერები რითი იყვნენ დაკავებული […] შეიძლება, მამუკა ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ყოფილა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი გახლდათ და პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა. ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, ხალხს როგორ აუბედურებდით და ბიზნესებს ართმევდით. შენ [მამუკა ხაზარაძე] და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები”. – თქვა კალაძემ 17 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებას თავად მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. “ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს…დანარჩენზე სასამართლოში”. – დაწერა ლელოს ლიდერმა Facebook-ზე და 2007 წლის ვიდეო გაავრცელა, სადაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში კალაძე ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფება და ამბობს, რომ მისი მხარდამჭერია.