ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ადვოკატის, ზვიად კორძაძის განმარტებით, სარჩელი კალაძის მიერ ხაზარაძეზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელიც ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავია. მისივე თქმით, ისინი თბილისის მერისგან ამ განცხადების საჯარო უარყოფას მოითხოვენ.
“ბატონმა კალაძემ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც არის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადება. ჩვენ სარჩელი შეგვაქვს ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით, იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს”, – აღნიშნა ადვოკატმა.
17 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს “პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა”.
“ყველაფერი გვახსოვს, არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს და როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით”, – თქვა კალაძემ.
ამ განცხადებას ხაზარაძე იმავე დღეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა:
“ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს, დანარჩენი სასამართლოში”.