ხავიერ ბეტელი – იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არიან, შევახსენებ: შესაძლოა, დღეს ევროკავშირის წევრი არ ყოფილიყვნენ, ჩვენ რომ იგივე მოსაზრება გვქონოდა, როდესაც კანდიდატები იყვნენ

ლუქსემბურგი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არიან შევახსენებ: შესაძლოა, დღეს ევროკავშირის წევრი არ ყოფილიყვნენ, ჩვენ რომ იგივე მოსაზრება გვქონოდა, როდესაც კანდიდატები იყვნენ, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია.
„ლუქსემბურგი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა და როდესაც მე მოვუსმინე, არ მინდა პროვოკაციული ვიყო, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამბობს: ვერ გავფართოვდებით, რადგან ეს ძალიან ძვირი ჯდება. მსურს უბრალოდ შევახსენო იმ ქვეყნებს, რომლებიც ამას აცხადებენ: შესაძლოა, დღეს ევროკავშირის წევრი არ ყოფილიყვნენ ჩვენ რომ იგივე მოსაზრება გვქონოდა, როდესაც ისინი კანდიდატები იყვნენ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია“, – აღნიშნა ხავიერ ბეტელმა.
კითხვაზე, რა აზრისაა უნგრეთის პრემიერის, ს პოზიციასთან და მიმდინარე კვირაში ვეტოს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, ბეტელმა განაცხადა, რომ თუ ვეტო იქნება, ის უნდა იყოს გამართლებული.
„როდესაც უნგრეთი გახდა წევრი, ჩვენ რომ დაგვესვა კითხვები, იყო თუ არა უნგრეთი საკმარისად მდიდარი ევროკავშირის წევრობისთვის, შესაძლოა, უნგრეთი დღეს წევრი არ ყოფილიყო. ასე რომ, ეს არის სოლიდარობის საკითხი, რათა დაინახო პარტნიორების პოტენციალი და დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ არ ვართ მარკეტში, რომ ვთქვათ : თქვენ გვაძლევთ, ჩვენ ვიღებთ და ჩვენ არ ვადგენთ ფასს. არის წესები და ჩვენ ამ წესებს უნდა მივყვეთ. თუ იქნება ვეტო, მინდა გავიგო, რატომ არის ვეტო, ის უნდა იყოს გამართლებული. მე ჯერ კიდევ ველოდები რეალურ მიზეზებს და არა სხვა მიზეზებს“,- განაცხადა ხავიერ ბეტელმა.