ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა გაუგრძელეს – ადვოკატი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაწესებული შეზღუდვები კიდევ 2 თვით გაუგრძელა.
ამის შესახებ ს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე Facebook-ზე წერს.
სუს-ის გადაწყვეტილებით, ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება აქვს შეზღუდული.
„ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს! სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი.
სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – არ შეეცვალოს! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს – დააკავეს სიტყვის გამო. ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის!
სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს – არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას”,- წერს ლაშა ტყეშელაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა , პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 2 თვით პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება პირველად 15 სექტემბერს შეუზღუდა.
სუს-ის გამომძიებელი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლევან ხაბეიშვილს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს.
„რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას“, – ვკითხულობთ სუს-ის გამომძიებლის 15 სექტემბრის დადგენილებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ლევან ხაბეიშვილის ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მყხლით: 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) და 317-ე მუხლი (საქვეყნოდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ).
ავტორი: ნინა სიგუა